logo
ENG



უნდა განისაზღვროს ტენიანობა და ტემპერატურა - ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერიმენტი ტარდება

20 აგვ 202012:03
3 წუთის საკითხავი
clock 1076

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ადგილზე ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც იმყოფება. 

როგორც საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განმარტა, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკის ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა.

"საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად, შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, ანუ 24 საათის განმავლობაში არსებული ტემპერატურა, კერძოდ, როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა. ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში, დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა", - აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ.

კითხვაზე - დაგვიანებული ხომ არ არის ასეთი ტიპის ექსპერიმენტის ჩატარება, კოტრიკაძემ აღნიშნა, რომ დაგვიანებული არ არის. 

"არანაირად დაგვიანებული არ არის. იმ დროს რა ტემპერატურაც იყო, ცხადია, განსაზღვრული აქვს გამოძიებას, კონკრეტული ტემპერატურა დადგინდება და აქედან გამომდინარე განისაზღვრება ის სურათი, რაც საჭიროა სრულყოფილი სამედიცინო ექსპერტიზისთვის", - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

 


close დახურვა