"ფორმულას" წყაროს ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას წარდგენას განიხილავს.
ამავე ოლქში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიიდან, ევროპული საქართველოდან, კენჭს გიგი უგულავა იყრის. მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანია.
ნაციონალურ მოძრაობაში "ფორმულას" უთხრეს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატებზე მსჯელობა მიმდინარეობს, კონკრეტული ფიგურის ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.
ვერა ქობალია 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან საქმიანობა კერძო სექტორში განაგრძო.
ყოფილი მინისტრი საქართველოში არ ცხოვრობს. იგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრია.