logo
ENG



რამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ ბაჩალიაშვილის Whatsapp-ის მიმოწერები აღადგინოს

06 სექ 202015:59
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებების შინაარსზე საუბრობს. მასში კაპანაძე ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან უცხო პირის მინაწერის საფუძველზე არ გავიდოდა.

როგორც რამიშვილი აცხადებს, ამ ჩვენების საფუძველზე გამოძიებამ უნდა გამოითხოვოს და აღადგინოს თამარ ბაჩალიაშვილის სატელეფონო ზარები და whatsapp-ის მინაწერები. რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან ახლობელმა გაიტყუა.

"ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი არის, რადგანაც მისი და თამარის ურთიერთობა იყო ძალიან ახლო, კითხვაზე თუ როგორ შეიძლება ის აღმოჩენილიყო, დეამ შემდეგნაირი პასუხი გასცა, რომ თამარი რადგანაც იყო ძალიან გულჩვილი და მშიშარა ადამიანი, აქედან გამომდინარე გამორიცხავდა, რომ ვიღაცის თხოვნით, ან დახმარების მიზნით თამარი წასულიყო მისთვის უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მამაკაცი.

ამ შემთხვევაში დეა კაპანაძე არ გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მანდილოსანი და ძალიან ახლობელი, რასაც ჩვენ დღემდე ვამბობთ, რომ თუ არ იქნება გამოთხოვილი და აღდგენილი ის სატელეფონო ზარები ის Whatsapp-ის ლოკაციები, საიდანაც ხდებოდა მძინარე გოგონას გაღვიძება, მისი მეგობარიც კი ამტკიცებს, რომ  შეუძლებელია შინაური ადამიანის მოქმედების გარეშე ვინმეს თამარი გაეყვანა სახლიდან. ამას დეა კაპანაძეც მტკიცედ ადასტურებს",-აცხადებს რამიშვილი.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის  თქმით, გარდაცვლილი პროგრამისტის სოციალური ქსელებიდან "აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია"

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5- დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის მანქანაში მედიკამენტები აღმოჩნდა. პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტები მანქანაში აღმოჩენილის იდენტურია. ასევე, გუშინ, 4 სექტემბერს გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქში წამლები იყიდა. მის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას წამლები თვითმკვლელობის მიზნით არ შეუძენია და ამ მედიკამენტების ყიდვა აიძულეს. 

 

 


close დახურვა