სამართლიანი არჩევნები მიუთითებს, რომ უბნების 8%-ზე გამოვლინდა დარღვევა - დისბალანსი ბიულეტენებში.
ისფედის შეფასებით, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.
ISFED-ში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.
"ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე - საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისბალანსის ტენდენციასთან ერთად, ასევე გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა კომისიის წევრთა მცდელობები არ მიეცათ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებისთვის შემაჯამებელი ოქმების სათანადოდ დამოწმებული ასლები, რის მიზეზადაც ძირითადად შესაბამისი ტექნიკის გაუმართაობა ან უქონლობა სახელდებოდა. მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა დამკვირვებლებზე ზეწოლის და ხელშეშლის ფაქტები. ხმის დათვლის და შეჯამების პროცესში, ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს", - ნათქვამია ანგარიშში.
სამართლიანმა არჩევნებმა ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 94 საჩივარი, საოლქო კომისიებში - 106 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირა 37 შენიშვნა.
- სამართლიანმა არჩევნებმა ასევე გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები - ვრცლად ნახეთ აქ.
„სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას. PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. PVT გვაძლევს საშუალებას დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მცირე ცდომილების ხარისხის ფარგლებში.
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.