ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა ინფორმაციის წყარო და ასევე წარადგინა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც "დესტრუქციული სცენარისთვის ემზადებოდნენ".
"დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. დავასახელე დღეს ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე შინაარსი და წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მან კონკრეტული გვარებიც დაასახელა. კერძოდ, ოცნების ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ "რევოლუციური სცენარი" მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო შედგენილი და მასში ენმ-ის სხვა ლიდერებთან ერთად, ჩართული იყვნენ დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი.
"დავასახელე მათ შორის მათი ლიდერების გვარები. ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც შედგენილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის მთავარი ლიდერი ამ კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, მაგალითად დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც. ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ", - თქვა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ოპონენტებს გარკვეული გეგმები არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ჰქონდათ და გამოძიებას ამის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
"არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული გეგმები და ამაზეც ჩემი ინფორმაცია მივაწოდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.