პრობაციის სამსახური ითხოვს, რომ შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსი მიხეილ თოდუა ციხეში დაბრუნდეს. მან ციხე 2019 წლის ოქტომბერში, 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს, 14 საათზე გაიმართება.
ფორმულასთან საუბარში იგი ყვება, რომ 13, 14 და 17 ოქტომბერს ღონისძიებებზე დაუკრა, რაც პრობაციის სააგენტომ არასაპატიოდ ჩათვალა. მისი თქმით, უწყებამ მიზეზად პრემიერის განკარგულება მოიყვანა, რომლის თანახმადაც, 22 საათის შემდეგ გასართობი ღონისძიებების მოწყობა აიკრძალა. მიხაილო პრობაციის გადაწყვეტილებას, 17 ოქტომბერს მის მიერ გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე დაკვრას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს "პოლიტიკური ამბავია".
"სამაჯურით რომ გამოვედი ციხიდან, წინასწარ ვაფრთხილებდი ოფიცერს და 3 სამუშაო დღეში მიმქონდა ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების ოქმი, რომ ნამდვილად იქ ვიყავი, სადაც ვიყავი. ბოლოს, 13, 14 და 17 ოქტომბერს რომ დავუკარი ღონისძიებებზე, ჯერ გადაწყვიტეს, საპატიოდ არ ჩაეთვალათ 13-14-ში დაკრული. გირჩის ამბავში არ ესიამოვნათ და შემდეგ, რატომღაც 17 ოქტომბერიც არ ჩათვალეს საპატიოდ.
მიზეზი რომ ვიკითხე, მითხრეს, პრემიერმა გამოსცა განკარგულება, 10 საათის შემდეგ შეზღუდვაზეო. 13 და 14-ს თუ არ მითვლით, 15 ოქტომბერს შევიდა ძალაში პრემიერის განკარგულება-მეთქი. 17 რიცხვზე უფროსთანაც შევედი, ავუხსენი, რომ პოლიტიკური პარტია გირჩის ამბავი იყო, მათ დამიქირავეს. შესაბამისად, ის საბუთები, რაც ყოველთვის მიმქონდა, მაძლევდა გირჩი. აი, ასე უბრალოდ უნდათ და არ მითვლიან საპატიოდ. უბრალოდ არ უნდათ და იმიტომ. ითხოვენ [ციხეში] დაბრუნებას", - ამბობს მიხაილო თოდუა.
მან 6 წელი ციხეში გაატარა, რის შემდეგაც ელექტრონული მონიტორინგის საფუძველზე შინაპატიმრობით შეეცვალა საპატიმრო სასჯელი. სასჯელის ვადის ამოწურვამდე წელიწადი და 10 თვე აქვს დარჩენილი.
"იმედი მაქვს, მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დარჩნენ ადამიანები, რომლებიც სწორად ფიქრობენ. საწყენი და საფიქრალია, ასეთ საქმეს რომ სასამართლო განსახილველად ჩაიბარებს, უკვე საეჭვოა. პრობაცია ითხოვს ჩემს დასჯა იმიტომ, რომ სამუშაოდ ვიყავი გასული, რომ ისევ და ისევ ფული გადამეხადა მათთვის, თვის ბოლოს [ელექტრონული] სამაჯურის 100 ლარი. ვინ ფიქრობს ამაზე? პირიქით, სახლში მირეკავენ და სამაჯურზე გამოკითხვებს მიტარებენ, სასამართლოში მონაწილეობას თუ მიიღებო", - ამბობს მიხაილო.
მუსიკოსი მიხეილ თოდუა, სასცენო სახელით მიხაილო 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მიხაილომ სტუდია მოაწყო და 8 ალბომი ჩაწერა.