logo
ENG



აბესაძე გახარიას:როგორც ჩანს, თავგასული ბიუროკრატიის მოთოკვა გიჭირთ

27 მაი 202014:52
3 წუთის საკითხავი
 

„ძალიან ცოტა ისაუბრეთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე და როგორც ჩანს, კიდევ გიჭირთ თავგასული ბიუროკრატიის მოთოკვა“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

აბესაძემ აღნიშნა, რომ არსებული კრიზისის ფონზე, ბიუროკრატიული ხარჯები მხოლოდ მცირე ოდენობით არის შემცირებული და თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

„ძალიან მძიმე ფერებში დახატეთ მომავალი, კრიზისი მართლაც მძიმეა, ჩვენც კარგად ვხვდებით. ისაუბრეთ დაწესებულ შეზღუდვებზე, რომლებმაც ზოგ შემთხვევაში შედეგი მოგვცა, ზოგი არაგონივრული და გადაჭარბებული იყო, თუმცა ძალიან ცოტა ისაუბრეთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე და როგორც ჩანს, კიდევ გიჭირთ თავგასული ბიუროკრატიის მოთოკვა. მხოლოდ 600 მილიონი ლარით განაცხადეთ, რომ შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები. ეს არის 5%-ზე ნაკლები ბიუჯეტის, მინიმალური დანაზოგი, რომელიც მთავრობას არაკრიზისულ პერიოდშიც შეეძლო, რომ გაეკეთებინა.

"შეიზღუდება თუ არა თქვენ დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტები, რომლებიც მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტს იღებენ და როგორი ბიუროკრატიული ფლანგვა მიმდინარეობს ამ ორგანიზაციებში, კარგად ვიცით. რამდენად საკმარისია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მხოლოდ 300-მილიონ ლარიანი შემცირება, როდესაც აუდიტის დასკვნიდან ვიგებთ, რომ შარშან 300 მილიონი ლარი, კრედიტებით აღებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც კი ვერ შეასრულეთ. 11 მათგანში ნულოვანი შესრულება გქონდათ და 27 პროექტში 70%-იანი. ანუ იღებთ სესხს, იხდით სესხის მომსახურების თანხას, საკუთარი არაპროფესიონალიზმის თუ გულგრილობის გამო პროექტები არ ხორციელდება, შემოსავლის მიღებას ქვეყანა აგვიანებს და მთელი ეფექტი, რაც სესხის აღებით ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა ჰქონდეს, იკარგება.

"რაც შეეხება სამასი მილიონით მიმდინარე ხარჯების შემცირებას. ეს თქვენი გამოსვლის შემდეგ პერიოდს ეხება თუ კრიზისის დაწყებისთანავე გაეცით ეს განკარგულება? მე მაინტერესებს გაგრძელდება თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზის მშენებლობა მილიონ 700 ათას ლარად, მართლა კვლავ იყიდის თუ არა, თავდაცვის სამინისტრო ჩოხებს და საათებს, კვლავ გავცემთ თუ არა, პრემიებს დამსახურების გარეშე, მაგალითად თბილისის მერმა მოახერხა და მარტში უკვე არაფუნქციონირებად ორგანიზაციებში 2 მილიონ ლარზე მეტი ჯილდო გასცა. ეს იმ ფონზე, როდესაც ადამიანებს სთავაზობთ დამცინავ, 200-ლარიან დახმარებას“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.


close დახურვა