logo
ENG



აბრამიძის მეგობარი: ჯაიანი მონაწილეობდა აქციებზე ხალხის დარბევაში, ამას მოჰყვა 1-ლი დაშორება

19 სექ 202414:18
3 წუთის საკითხავი
 

კესარია აბრამიძის მეგობრის, იაკობ მამულიას ინფორმაციით, მოდელის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დარბევაში მონაწილეობა და სავარაუდოდ მთავრობის ე.წ. ზონდერჯგუფების წევრია.

მეგობრის ცნობით, ჯაიანი გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, მაშინ როცა უცნობი პირები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ - ამის ამსახველი კადრებიც არსებობს. სწორედ ამას ასახელებს მამულია მოდელსა და ყოფილ პარტნიორს შორის კონფლიქტის და შემდეგ ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზად.

"მე რომ უცებ მივწერე, ეს ვინ ყოფილა, მომწერა: "ვაიმე ნუ მახსენებ, აღარ მინდა გახსენება, თავი მომეჭრება, რა ვქნა არ ვიციო". იმ მომენტში თვითონაც იცოდა ეს - გაიგო. კადრებით ვიცანით. ერთ-ერთ კადრში მახსოვს, რომ ასე როლინგი თუ რაღაც აქვს აფარებული. მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადამიანი მოძალადეა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაში მონაწილეობდა - რასაც მოჰყვა მათი პირველი დაშორება და [კესარიას] გასვლა ქვეყნიდან. რადგან კესარიას კატეგორიულად არ უნდოდა ამ ურთიერთობის გაგრძელება. ის აქედანაც ემუქრებოდა იქ, რომ როდემდე იქნები მანდ და ა.შ. იყო ყელის მოჭერა, თავი მიარტყა რაღაცას ერთხელ... ასეთი ფაქტები იყო. ფიზიკურად შეხებია [კესარიას]", - ამბობს მამულია ფორმულასთან საუბარში.

***

ბრალდებული ბექა ჯაიანი პოლიციამ დღეს დააკავა. შსს-ს ცნობით, 1998 წელს დაბადებული ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კესარია აბრამიძე გუშინ, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.


close დახურვა