სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასურსათო ბაზრობები სპეციალურად გაწერილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ მუშაობის განახლებას.
ლევან დავითაშვილმა ისაუბრა არსებულ შეზღუდვებსა და ახალ წესებზე, რომელსაც ფუნქციონირების შემთხვევაში აგრარული ბაზრები უნდა დაემორჩილონ. მისი თქმით, ამ საკითხს თითოეულ რაიონში არსებული სპეციალური შტაბები გააკონტროლებენ.
„პრემიერის ხელმძღვანელობით შემქნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შეწყდა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად იცვლება ეპიდსიტუაცია, მიიღება ადეკვატური გადაწყვეტილებები - ბაზრები მთელ ქვეყანაში წარმოადგენდნენ მაღალი რისკის შემცველ ადგილებს - ამიტომ მათი ფუნქციონირება იქნება შეზღუდული. აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს დაწესებული სტანდარტის შესაბამისად. მიღებული იყო გადაწყვეტილება ბაზრების თბილისში დახურვაც, რათა ჩატარებულიყო სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრები გააგრძელებენ საბითუმო ვაჭრობას, თუკი დაიცავენ კონკრეტულ სტანდარტებს, რომელიც უკვე შემუშავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ეს უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, სანიტარული ნორმების დაცვას და მოვაჭრეების შესახებ ინფორმაციის არსებობას, რათა მიკვლეული იყოს მათი კონტაქტები და როგორი მოგზაურობის ისტორიები აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადების მქონე პერსონალი არ დაიშვება და 70 წელს ზემოთ პერსონალიც არ დაიშვება მომუშავედ. ყველა გადაწყვეტილება, რასაც საბჭო იღებს, არის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე. სტანდარტში გაწერილია დახლებს შორის დისტანციებიც. ბაზრები იმუშავებს მხოლოდ მუნიციპალიტეტში არსებული შტაბების მიერ ამ უფლების გაცემის შემდეგ. გარდა ამისა, ადმინისტრაციის მიერ მოვაჭრეების ქცევის ნორმებიც არის განსაზღვრული - ჰიგიენა, სანიტარული ნორმები. სანქციები განისაზღვრება ამ სტანდარტის დარღვევის შემთხვევაშიც - ეს იქნება ბიზნესოპერატორი, მოვაჭრე თუ მომხმარებელი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა ახალი სპეციალურად შექმნილი პლატფორმის შესახებაც - ფერმერები შეძლებენ, რომ მოვაჭრეებს ონლაინრეჟიმში მიაწოდონ პროდუქტის შესახებ ინფორმაცია, ხოლო შემდეგ არსებული სურსათი.
„ბაზრების დახურვა ეხება ფერმერების საქმიანობას, მალფუჭებადი პროდუქტის ბაზარზე მიწოდებას - მაგრამ ეს გადაწყვეტილებები აუცილებელია, რომ მივიღოთ. მე ვუხდი ბოდიშს მოქალაქეებს, მაგრამ მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ დავიცვათ რეკომენდაციები. იმისთვის, რომ სასურსათო ჯაჭვი იყოს უწყვეტი - ყველა რგოლი უნდა მუშაობდეს შესაბამისად და ეფექტურად. მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში გვქონდეს კომუნიკაცია ყველა რგოლს შორის - არის სპეციალური პლატფორმა ჯიბე, სადაც ფერმერებს შეეძლებათ მოვაჭრეებს მიაწოდონ სურსათი. რამდენიმე რაიონში ეს იქნება ახალი ორგანიზებული პლატფორმა, რათა დაავადების გავრცელების შემცირების პირობებში მოხდეს სურსათით ვაჭრობა",- ამბობს დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერიამ ქალაქში არსებული ყველა აგრარული ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით მიიღო - დღეს დილიდან ბაზრები დაიხურა.