logo
ENG



ადამიანები ღირსების მარშისთვის
04 ივლ 202123:35
2453

2013 წლის შემდეგ პირველად, ქვიარ თემის წევრებმა და  მხარდამჭერმა აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ 5 ივლისს გამოვიდნენ თბილისის მთავარ გამზირზე - სოლიდარობისთვის.

ის, რაც ერთი შეხედვით, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თემს დიდი ხნის წინ წაართვეს. 17 მაისის მითვისებას საპატრიარქო ეცადა. წლებია, აქტივისტებს უზღუდავენ გამოხატვის ფორმებს, დროსა და ადგილებს.

სახელმწიფო მოძალადეებსა და ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის. მარშს ახლაც ემუქრებიან. ადამიანები, რომლებიც ღირსების მარშს აორგანიზებენ ან უერთდებიან, ფორმულასთან საუბრობენ მათ მოტივაციებზე, მიზნებზე, იმედგაცრუებებსა და იმედებზე, შიშების და ნიჰილიზმის დაძლევის გზებზე და რაც მთავარია, სოლიდარობის მნიშვნელობაზე.

გიორგი თაბაგარი თბილისი პრაიდის ერთ-ერთი დამფუძნებელია. იგი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირის სპეციალისტია. ევროპაში სწავლის შემდეგ საქართველოში აქტივიზმის მხარდასაჭერად დაბრუნდა.

"დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება"

"2013 წელს ბელგიაში ვსწავლობდი. 17 მაისს მივიღე პასუხი, რომ ევროპის პარლამენტში სამუშაოდ შემარჩიეს. ძალიან გახარებული ვიყავი და დაემთხვა საშინელ მოვლენას, რომელმაც მთლიანად გადაფარა.

ერთია, როცა აქ ხარ და პირდაპირ ასკდები ამ ყველაფერს,  მეორეა, როცა სრულიად უძლური ხარ და უყურებ შენს მეგობრებს. ის სახეები, ავტობუსში რომ ისხდნენ, არ დამავიწყდება არასდროს.

მაგ დღეს მქონდა ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემი სახელმწიფოს მიმართ. წყალგამყოფი იყო ჩემი ეკლესიისადმი დამოკიდებულების კუთხითაც, რადგან იმ დღის შემდეგ ამ ინსტიტუციას პატივს აღარ ვცემ. პირიქით, მიმაჩნია, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის პროგრესის შემაფერხებლები. მეორე დღეს ჩემი სტუდენტური სტიპენდიით ბელგიაში, საქართველოს საელჩოსთან დავაორგანიზე აქცია. მინდოდა, ეს ბრაზი სადღაც წამეღო".

აქტივიზმი საქართველოში

"ნიჰილიზმის შეგრძნება არის საკმაოდ ჭარბად. ჩემში უფრო ნაკლებად, ვიდრე ირგვლივ, მაგრამ ჩემი ეს გარემოცვა რაღაცნაირად ზემოქმედებს ჩემზეც.

2017 წელს დავბრუნდი საქართველოში სტაბილურად. აქტივიზმის გამო დავბრუნდი აქ, რეალურად. იმ პერიოდში საკმაოდ ბევრი რაღაცები ხდებოდა, სოციალური აქტივიზმის კუთხით, "თეთრი ხმაური", ქვიარ მოძრაობა ძლიერდებოდა, ამ პერსპექტივიდან ოპტიმისტურად ვუყურებდი.

2018 წელს ბასიანის მოვლენებმა და 17 მაისის ირგვლივ პროცესებმა დაიწყო ნიჰილიზმის ტალღა, რომელიც დღემდე გრძელდება და ესაა ირგვლივ უამრავ აქტივისტში, უამრავ ადამიანში, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. ასევე, თემის წევრებში. მე ჩემ თავს არ ვაძლევ უფლებას რომ ნიჰილიზმმა ჩამითრიოს. აქტივიზმი და ნიჰილიზმი ერთად ვერ ძოვენ… თუ არ გაქვს იმის იმედი და რწმენა, მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანო პროცესში, მაშინ არ უნდა აკეთებდე იმ საქმეს. 

ცნობიერების შეცვლა მინდა. ლგბტ უფლებების პრობლემები ნაწილია იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს განათლების სისტემა, მორყეულია ფუნდამენტი იმისა, რამაც ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა უნდა ასაზრდოოს. განათლება და განათლების სისტემის დისფუნქციურობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. 

სოლიდარობის დეფიციტი

"პანდემიამ განსაკუთრებით გამოაჩინა სოლიდარობის საჭიროება ამ საზოგადოებში, როცა დავრჩით მარტონი, ჩვენ თავებთან. ქვიარ თემი სოლიდარულია ყველა მნიშვნელოვანი სოციალური ბრძოლისა, რაც ამ ქვეყანაში ყოფილა. მე პირადად, ყველა აქციის მონაწილე ვარ და ცალმხრივი სოლიდარობა არ მგონია სწორი. ეს სოლიდარობა შეიძლება სხვადასხვა ფორმის იყოს, ვიღაცამ შეიძლება თანხა ჩარიცხოს ვიღაცის დასახმარებლად, ვიღაცამ შეიძლება აქციაზე გასვლა გადაწყვიტოს, ვიღაცამ შეიძლება ფოტო გადაიღოს რაღაც მესიჯით. ბევრი სხვადასხვა ფორმა აქვს სოლიდარობას. ამ ქვეყანაში, სადაც პოლარიზებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სოლიდარობის დეფიციტია. 

5 ივლისს ღირსების მარშის სოლიდარობისთვის - ღონისძიებაზე მისვლა და იქ დგომა არის სოლიდარობის და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულება. 

მგონია, რომ ერთი წარმატებული მსვლელობა იქნება გარდამტეხი, რაც შეცვლის აზროვნებას ამ ქვეყანაში იმ მხრივ, რომ შესაძლებელია ვიღაცამ აქცია ჩაატაროს და მეორე დღეს არც გეი გახდები, არც ლესბოსელი, არც ტრანსგენდერი და ცხოვრებას გააგრძელებ ზუსტად იგივე საქართველოში, იგივე პრობლემებით. უბრალოდ, ადამიანების ერთ ჯგუფს ექნება იმედი, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, თავი უკეთ იგრძნონ. 

დაუცველობის შიშის გრძნობა

"შიში ლეგიტიმური შეგრძნებაა. ყველას გვეშინია სხვადასხვა რაღაცების. 2013 წლის შემდეგ ყველა აქციაზე, როცა ქუჩაში გავდივარ, მეშინია. მიმიღია სიცოცხლის მოსპობის მუქარები, ქუჩაში შეურაცხყოფა მოუყენებიათ ჩემთვის, "ონლაინ ბულინგიც" დაწყებულია.

ახლა, პრაიდ კვირეული რაც დაანონსდა, საშინელებებს ვკითხულობ ჩემზე. თან, როცა ვიცი მე რას ვემსახურები და ამ ყველაფერზე რა რეაქცია აქვს საზოგადოების რაღაც ნაწილს, ძალიან დამთრგუნველია. 

ჩემი აქტივისტური კრედოსავით ვაქციე, რომ შიში არ უნდა იყოს განმსაზღვრელი. არ შეიძლება მქონდეს იმის შიში, რომ მე, ჩემი კონსტიტუციური უფლებით ვსარგებლობ და ქუჩაში გავდივარ. მჯერა, რაღაცების დათმობა იწვევს იმას, რომ უფრო და უფრო მეტს გართმევენ ეს ადამიანები.

ნინოწმინდის ბავშვები არანაირ კავშირში არ იყო ლგბტ ადამიანებთან, არც სექსუალური განათლების საკითხია ასე პირდაპირ კავშირში. ბევრი საკითხია, როცა ლგბტ საკითხებს იყენებენ სხვა ადამიანების შესაშინებლად.  Ამით თესავენ შიშს საზოგადოებაში. მე არ მინდა, ეს იყოს ჩემი აქტივიზმის განმსაზღვრელი. ვიცი რომ საშიშია, მაგრამ ეს თუ არ დავძლიეთ, ვერც მაგალითს მივცემთ სხვებს და ვერც გავძლიერდებით. ვერც მოვიგებთ ბრძოლას, რეალურად". 

ლამარა აბჟანდაძე პროფესიით მათემატიკოსია და წლების განმავლობაში სკოლაში იმუშავა, თუმცა დღეს მას ვიცნობთ, როგორც 91 წლის ბლოგერს, აქტივისტს, რომელმაც ქართულ ფეისბუქმომხმარებელს თავი პროგრესულობით დაამახსოვრა.

ჩემ თვალწინ გაიარა მთელმა საბჭოთა რეპრესიებმა. 1930 წლიდან, ბავშვი ვიყავი მაშინ, მაგრამ იმდენად შეგვეხო ყველას, ჩვენს ოჯახს, ჩვენს ნათესაობას, რომ ყველაფერი მახსოვს. ბავშვობა არ მქონია საერთოდ… შემდეგ უკვე სტუდენტი ვიყავი, შედარებით გამოკეთდა მდგომარეობა.

კომპიუტერთან მუშაობა 3 წლის წინ დაიწყო, შვილმა ასწავლა და მალევე აითვისა. მას შემდეგ ყველა აქტუალურ თემას ეხმაურება, წერს კრიტიკულ მოსაზრებებს და იცავს ჩაგრულ ჯგუფებს. 

"გურიაში ვიყავი ჩემს ქალიშვილთან და მან მასწავლა. მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობ. როცა პრობლემურ საკითხებს ვხედავ, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო, თუნდაც საშიში იყოს, მაგალითად, მთავრობის წინააღმდეგ. ჩემი შვილიშვილები მეუბნებიან, შეიძლება, ერთ დღეს დაგაპატიმრონო და "პერედაჩებს" მოგიტანთ მერეო. არ შემიძლია სხვანაირად, მითუმეტეს, როცა ვხედავ, უსამართლოდ იჩაგრებიან. მაგალითად ლგბტ თემის წევრები. ვერ ვუყურებდი გულგრილად, რამდენი ისეთნაირად გააუბედურეს, რომ სიცოცხლე გაუმწარეს. არ ვიცი, ამას როგორ უყურებს საზოგადოება. საზოგადოება რა, უფრო სამღვდელოება და მერე იმათ მიყვება რელიგიით დაბრმავებული ხალხი".

"ის, რაც მაბრაზებს"

"ყველაზე მეტად გამაბრაზა მამაო ტაბურეტით რომ მისდევდა ლგბტ თემის წევრს. ე.ი. Რომ დაწეოდა, უნდა ჩაერტყა ის ტაბურეტი. ახლა ამბობენ, არა ეს ტაბურეტი დასაჯდომად გვინდოდაო. კიდევ ვბრაზობ, აი, ვასაძის და იმათ გამოსვლებზე. ახალგაზრდები არიან და რა სჭირთ, ვერ გავიგე, ახალგაზრდებს მაინც რამ დაუბნელდათ ეს გონება, არ ვიცი. 

ყველაზე მეტად გულს მტკენს ის, რომ განათლების სისტემამ ჩაიძირა ჩვენს ქვეყანაში. სკოლა სკოლას აღარ ჰგავს. სკოლას იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგონ და მეტი არაფერი. ისე ვბრაზობ სიტყვებიც არ მყოფნის. პედაგოგებიც რას აკეთებენ. ნუთუ, არ აქვთ იმდენი შეგნება, რომ წავიდნენ ამ უხეირო მთავრობის წინააღმდეგ, ნუთუ, არ შეუძლიათ, რომ თავიანთი საქმე აკეთონ კეთილსინდისიერად, არ ვიცი. 

რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემაც მოუწესრიგებელია, პოლიცია პოლიციას აღარ ჰგავს, ერთი სიტყვით, ეს ხელისუფლება წასასვლელია. უფრო ახალგაზრდობის იმედი მაქვს. ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს".

რას ნიშნავს, ჩაიარო რუსთაველი "ღირსების მარშით"

"მათ არ აქვთ ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება, ადამიანი როგორიც დაიბადა, როგორი ორიენტაციისაც არ უნდა იყოს, თავისი საქმეა. რა უფლება აქვთ მათ რომ ერევიან? ყველა ოჯახს აქვს თავისებურება, მაგრამ სხვამ ჩაიხედა მათ ოჯახში და მიუთითა რაიმეზე? ისე მოიქცნენ ეგენიც. რატომ უნდა გაუმწარო ადამიანს სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული ორიენტაციისაა, რა მოხდა მერე? არის და არის.

ყველას აქვს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. რუსთაველის გამზირი ყველასია, ერთეულების არაა. ყველა აქვს უფლება, გაიაროს.

თუ მას ასე სწამს, გაიაროს, რა დაშავდა ამით? მე მხარს ვუჭერ მათ იმდენად, რამდენადაც ადამიანის თავისუფლება შეზღუდული არ უნდა იყოს

საბჭოთა პერიოდში ასეთ რამეებზე საუბარი საერთოდ არ გვიწევდა. ისტორიიდან ვიცოდით რომ განსხვავებული ორიენტაციის მეფეებიც არსებობდნენ და საბჭოთა სისტემა კრძალავდა ამაზე ლაპარაკს. ერთი მახსოვს განსხვავებული ორიენტაციის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, და კინაღამ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი. Უხეშად ექცეოდნენ მოსწავლეები, სტუდენტები, არ მისცეს წინ წასვლის საშუალება, უნიჭიერესი გერმანისტი იყო, არ მისცეს საშუალება წინ წასულიყო, დისერტაცია დაეცვა, საბოლოოდ, დაანება ყველაფერს თავი, დარჩა სახლში და მეგობრობა კატებთან გააბა, უამრავი კატა ჰყავდა და ისე მოკვდა, კატებმა გააგებინეს მეზობლებს, რომ მკვდარი იყო სახლში. ახლა, ამ 21-ე საუკუნეში ამაზე ლაპარაკი ნამდვილად არ უნდა გვჭირდებოდეს".

სალომე ბარკერი, სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი. სჯერა, რომ პოლარიზაცია თუ შეიცვლება, ბევრი რამ დალაგდება. 

აქტივიზმის დასაწყისი

"ძალიან ადრე იყო, 2007 წლის 7 ნოემბერს. მახსოვს, აქციას მხარს არ ვუჭერდი თავისი არსით, მაგრამ როცა მძიმე ვითარება ჩამოწვა, უნივერსიტეტამდეც მოაღწია. ვერაფრით გავძელი, სწავლა შეწყდა და რუსთაველის მეტრო დაკეტილი რომ დამხვდა, აქ თურმე დარბევისთვის ემზადებოდნენ, ვერ გამიძლო გულმა რომ სახლში წავსულიყავი. ვფიქრობდი, თუ მომავალი ჟურნალისტი მინდა, ვიყო, მევალება, იქ ვიყო სადაც რაღაცები ხდება. 

საპატრიარქოს ტელევიზიას შევეფარე, ცოტა ხანი მანდ გავატარე, გაზი ვყლაპე. პირველი შეხება სახელმწიფოსთან, აქციასთან, რაღაც ცუდთან, იყო მაშინ.

გააზრებულად 2011 წლიდან დავიწყე ჩემი უფლებების მოთხოვნა, როცა ვითხოვდით მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, რომ არ დაეჭირათ ხალხი მოწევის გამო...

შემდეგ ამ აქციების დაორგანიზებამ გამიტაცა და 20 ივნისის შემდეგ სახლში აღარ შევსულვარ. 

2019 წლის 20 ივნისს რომ გამოვედი სავარჯიშო დარბაზიდან, ზუსტად იმ ფორმით, რომლითაც გამოვედი, შემდეგ მაგ ფორმით ვიყავი აქციაზე. 

ჩათრევა იცის, ვერ ჩერდები. ერთ უსამართლობას რომ აპროტესტებ, იქვე ამჩნევ მეორეს, შემდეგ მესამეს და ისეთი ჯაჭვია, ვერ იტყვი, კაი, ახლა დავისვენებ და გავაგრძელებ ცხოვრებას. ვერ იტყვი, რომ ბედნიერების მომგვრელია, მაგრამ ბრძოლის რაღაცა ფორმაა. წარმატებულია თუ არა, არ ვიცი. იმის განცდას მაძლევს, რომ ტყუილად არ ვარსებობ. 

"მოვლენა, რომელმაც გამაბრაზა"

"20 ივნისმა და შემდეგ იმდენმა რამემ გამაბრაზა, გიბლაგვდება თითქოს ეს გაბრაზება, შეიძლება ადამიანი ხარ და რესურსები გელევა, თითქოს სიბრაზის, ან უკვე მიეჩვიე...

სიბრაზე იყო ის, რამაც გარეთ გამომიყვანა. 20 ივნისს, გარდა იმისა, რომ გავბრაზდი გავრილოვის სკამში ჩასმაზე, გავბრაზდი ძალიან დარბევაზე. ახლაც ასე მგონია, რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც ჩაატარეს, რადგან ეგონათ, ხელისუფლებისთვის საძულველი ოპონენტი აპროტესტებდა ამ ყველაფერს. თითქოს გადაუარეს ნაცმოძრაობას და მის მხარდამჭერებს. 

იმედგაცრუებად მახსოვს პროპორციულის ჩაგდება, ის, რაც ასე ძალით გამოვტაცეთ. ნოემბერში ეს იყო დიდი ნიჰილიზმის წყარო, რომ ახლა არაფერს აზრი აღარ აქვს".

ის, რაც შესაცვლელია

"გაცვეთილი მოსაზრებაა, მაგრამ პოლარიზაციას შევცვლიდი. ესაა, რაც ხელს გვიშლის არსებობაში, სიმშვიდეს მაკარგვინებს. შეიძლება, ერთმანეთზე დიდად არ ვგიჟდებოდეთ და არავინ გვაიძულებს, გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა შეგვეძლოს. 

ჩვენ ვიკვებებით სიძულვილით, თითქოს, დილით თუ არ შეჭამე ცუდი ამბავი სხვაზე, ისე ვერ გაიღვიძებ. მინდა, რამენაირად მოვახერხოთ, რომ ეს შავთეთრი ფერები გახდეს მრავალფეროვანი. მგონია, რომ ეს ბევრ რამეს დაალაგებს, არ იქნება 1 და 2 ძალის ჭიდაობა, იქნება, ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანის ხმა გინდ პარლამენტში, გინდა მის გარეთ. გავიგებთ, რომ ეს ადამიანები არიან უნიკალური არსებები". 

რატომ გავდივარ "ღირსების მარშზე"?

"სოლიდარობა გვაკლია მოქალაქეებს. რასაც ვაკვირდები ხშირად გვახასიათებს ცოტა კლანურობა, სასტავურობა, დაყოფილი ვართ ჯგუფებად. ამაში ცუდი არაფერია, ვთქვი რომ ადამიანები მრავალფეროვნები ვართ და შენს ახლოს ინტერესებით ვინცაა, იმასთან რომ გაერთიანდე, ნებისმიერი ნიშნით, პრობლემა არაა.

სოლიდარობა ის გრძნობაა რომელიც ადამიანს თუ გაქვს ერთი ჩაგრული ჯგუფის მიმართ, გაქვს ყველა ჩაგრულის მიმართ. პირადად ჩემთვისაც დაუბრალებიათ თითქოს არ ვარ სოლიდარული რაღაც ჯგუფის მიმართ, რა თქმა უნდა, არ მგონია, რომ ყველა ერთნაირად განიცდის ყველაფერს, მაგრამ არსებობს მარტივი ფორმულა რომ როცა ის ჩაგრულია, როცა მასზე ძალადობს ვინმე, მხარი აუცილებლად უნდა დაუჭირო. ძალადობა არის ის, რაზეც ცივილიზებული საზოგადოება შევთანხმდით რომ არ გვინდა.

ლგბტ თემის პრობლემები არ ეხება მხოლოდ ამ თემს. ჩვენთან ტრადიციაა, რომ ვიღაც ყველანაირ სიბინძურეს ჩაიდენს, სახალხო დამცველს უნდა თავისი უფლებით ისარგებლოს, ვიღაცები გამოვლენ და იტყვიან, "ეგ გეებს იცავს ამიტომ არ შემოუშვათ", თითქოს ყველა თანხმდება, “ა გეებს თუ იცავს, კაი”.  ერთი წუთით, რომ გამოვიხედოთ, ყველაფერს ვაბრალებთ ამ თემს, აქციაზე, სადაც ვითხოვთ, რომ ბავშვთა პანსიონი დაიხუროს, მოგვიწყეს კონტრაქცია, "პედოფილებს თუ არ უშვებთო…" სასაცილოა ხო? სინამდვილეში ჩვენი რეალობაა. ამ ქვეყანაში ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან, ეს ძალადობა, რომელსაც კულტივირებას ვუკეთებთ, არსად მიდის, ყველა ყველას ჩაგრავს. 

ჩემთვის ლგბტ თემი არის ხალხი რომელიც ყველა აქციაზე დგას. ოკუპაცია იქნება, სიღარიბე თუ ნამახვანი, თვალსაჩინოდ არიან ეს ადამიანები. Მათ თუ აქვთ სოლიდარობის განცდა ნებისმიერ სხვა საკითხზე, ისინი იმსახურებენ რომ ძალიან კონკრეტულად, იმის უფლება მიანც მივანიჭოთ, ქუჩაში გაიარონ, ჯერ სად ვართ,  მაგაზეა ლაპარაკი, “ქუჩაში გავივლით, თუ შეიძლება”.

გეების ამოკეტვა არ გაგვხდის უკეთეს ქვეყანად, ეს მინდა ყველა იმ ადამიანმა იცოდეს, ვისაც ჰგონია, რომ ამით საქართველოს დაიცავს, პირიქით, ხალხო,  ჩვენ ყველა ერთად მრავალფეროვნებით თუ ვიცხოვრებთ, ეგაა უკეთესი საქართველო. 

"ღირსების მარშზე" სოლიდარული მინდა, ვიყო ყველა იმ ადამიანისადმი, თუ სადმე აქამდე არ ვყოფილვარ, სადმე ვერ გამოხატე ჩემი მხარდაჭერა.

ხანდახან მეც მაქვს ნიჰილიზმის გრძნობა, რა აზრი აქვს ჩემს მხარდაჭერას... რაც არ უნდა დეპრესიის ფსკერიდან ავდგე და გავიდე აქციაზე, მაინც სულ ვხედავ რომ წინ ვდგამთ ნაბიჯს". 

როგორ ვლახავ ნიჰილიზმს?

"ადამიანებთან ერთად, თუნდაც იყვნენ, ასევე ნიჰილიზმში ჩაწოლილები. უეჭველი ვიცით, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, არაფერიც არ შეიცვლება. Ამ აზრით ვეთამაშებით ჩვენსავე ტვინებს. არაფრის კეთება სულ შეგვიძლია. Მოდი ვცადოთ, ავდგეთ, იქნებ წინ გადავდგათ ერთი ნაბიჯი. მოქმედებაა გზა, რომელიც ნიჰილიზმიდან ამოგვათრევს, შეიძლება, არ იყოს სულ წარმატებული, იმედგაცრუებაც მოიტანოს, მაგრამ მაინც ჯობია მოძრაობა". 

შიში, რომ სახელმწიფო ვერ დაგვიცავს

"ღირსების მარში" არის ღია ღონისძიება, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბებით,  ჩავივლით რუსთაველის გამზირს და დავასრულებთ დედა ენის ბაღში. Ამას როგორ დაიცავს სახელმწიფო, ესაა მთლიანად მათი პასუხისმგებლობა. დაიცვან ყველას გამოხატვა, ოღონდ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ უნდა დაიცვან ყველას მშვიდობიანი გამოხატვის უფლება. 

ზოგადად ცუდად მოქმედებს ის რომ შენ მუდმივად მარცხდები რაღაც ბრძოლაში.  ფსიქოლოგიურადაც  არაა სასარგებლო პოზიცია. თუ 2013 წლის შემდეგ ადამიანებს პარტიზანულად უწევთ გაპროტესტება ესაა ყველას სირცხვილი და მათთვის ყველაზე მძიმე. 

ცხადია, მეც მეშინია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმათაც ეშინიათ, იმათ ეშინიათ გეების. მე არ ვფლობ არცერთ საბრძოლო ხელოვნებას, დიდად თავს ვერ დავიცავ თუ ხელჩართული ბრძოლა იქნება, რაც არაა სასიამოვნო. არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ჩემი მეგობრები, თუნდაც უცნობი ადამიანები, კონკრეტული ნიშნით, ქუჩაში არ დადიან, ანუ რა სისულელეა?!

ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას მირჩევნია, ცხვირი გამიტეხოს [ლევან] ვასაძემ. მართლა მირჩევნია, იმიტომ, რომ ვასაძე თუ ცხვირს გამიტეხავს თვითონ წააგებს, ჩვენ კი გადავდგამთ დიდ ნაბიჯს თავისუფლებაში".

ამანდა 

"რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, რომ ვხატავ და მიზნად დავისახე, ხატვით დავაღწიო თავი სექს სამუშაოს, ხალხს გავაცნო ტრანსგენდერი ადამიანები სხვა კუთხიდან".

პანდემია ტრანსგენდერი თემისთვის

"ვცხოვრობ ქირით და შესაბამისად, კოვიდშეზღუდვების დროს შემოსავლის აღარანაირი წყარო აღარ მქონდა. იძულებული გავხდი, გადავსულიყავი ბათუმში, ვინაიდან უფრო ნაკლებ ფასებში იყო იქ ბინები. ხანდახან, ყოფილა შემთხვევა, მშიერს დამიძინია. არ მინდოდა ფული დამეხარჯა ზუსტად იმის გამო, რომ ბინის ქირა მიმეცა. ტრანსგენდერი ქალების ერთადერთი სამუშაო სექს სამუშაოა და კოვიდის შიშით არ ვიღებდი კლიენტებს.

დღესაც ბათუმში ვცხოვრობ, ნაქირავებ ბინაში. წინა წლებთან განსხვავებით, დღესდღეობით ცოტა მყარად დავდექი ფეხზე. იქ, ხალხმაც სულ სხვა მხრიდან გამიცნო, მაქვს ხოლმე შეკვეთებიც, ვხატავ ნახატებს. თავისუფალ სტილში ვხატავ, პორტრეტებსაც ვხატავ. თვითნასწავლი ვარ. სექს სამუშაოს ბოლომდე ვერ, მაგრამ მეტწილად დავაღწიე თავი. მხატვრობა ჩემი სულია, რომელსაც ქაღალდზე ავღბეჭდავ. ანუ ყველა ჩემი ნახატი აღბეჭდავს ჩემს ყოფილ ცხოვრებას, წარსულს, ჩემს შინაგან მეს, ჩემს ემოციებს, ტკივილს. ყველაფერთან ასოცირდება.

წლის ბოლომდე მინდა, წავიდე გერმანიაში, ვგეგმავ იქ დარჩენას და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას. მინდა, გავხდე ჩემი საქმის პროფესიონალი და ერთხელ და სამუდამოდ არა ვუთხრა სექს სამუშაოს.

პანდემიის დროს ისე გამიჭირდა, წავედი და ერთ-ერთ მარკეტის ქსელში მოვითხოვე კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა. მითხრეს, ჩვენ ყველას პატივს ვცემთო, უბრალოდ, ჩვენ თუ აგიყვანთ, მომხმარებლისგან ძალადობის მსხვერპლი რომ გახდები, ჩვენ ვერ დაგიცავთო. ერთის მხრივ მივესალმე რაც თქვა, მეორეს მხრივ გული დამწყდა. ჩვენს ქვეყანაში მე არ მომეცა საშუალება სხვა რამით მერჩინა თავი".

რატომ გავდივარ ღირსების მარშზე

"ჩვენს თემშიც არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, არა იმის გამო, რომ არ უნდა ჩატარდეს, არამედ იმის გამო, რომ საქართველო არაა მზად ამისთვისო. ამას ამბობდნენ 5 წლის წინ, 10 წლის წინ, როდისღა უნდა იყოს დრო? ამით ჩვენ ჩვენს ძალას კი არ ვანახებთ,  გამოვდივართ მშვიდობიანად. სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ამ მარშით იმ ადამიანებს, რომელთაც თანადგომა სჭირდებათ. არ აქვს მნიშვნელობა ეს მისი ორიენტაციის გამო იქნება თუ რელიგიის გამო, თუნდაც ბავშვთა სახლში რაც ხდება - "არა" ვუთხრათ ამას, თუნდაც ის უსამართლობა, რაც ქვეყანაშია ზოგადად, მაგას ვუთხრათ "არა. მხოლოდ ლგბტ საზოგადოება კი არა, უფრო ჰეტეროსექსუალი ადამიანები გამოდიან ამ მარშზე. ყველა მოქალაქის მოვალეობაა ეს. 

გვინდა, ამით ვთქვათ, რომ ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც სხვები, ჩვენც იგივე უფლებები გვაქვს, ჩვენც გვაქვს უფლება ვიმუშაოთ საჯარო სივრცეში. ჩვენც გვინდა კაფე რესტორნებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავისუფლად სიარული. როგორადაც ყველანაირ გადასახადს ვიხდით, ისევე გვეკუთვნის ჩვენც ყველა პრივილეგიის გამოყენება. 

მინდა ყველა ადამიანს მივმართო, ყველა მოაზროვნე ადამიანს, ჩვენ არ ვართ მათთვის საფრთხე. თუ უნდათ ეს ქვეყანა ადგეს ფეხზე და მყარად დადგეს, თუ ისწრაფვიან ევროპისკენ, მაშინ არ უნდა ვიყოთ ჰომოფობები, ტრანსფობები, რასისტები. ყველამ იცხოვროს თავისი ცხოვრებით და მაშინ აღარ იქნება ეს ყველაფერი. მინდა ვთქვა, რომ ჩემი მტრებიც მიყვარს, არ ვარ ბოროტი და არავინ მეზიზღება, მეზიზღება ის საქციელი, რასაც აკეთებენ". 

close დახურვა