logo
ENG



ადვოკატი: არაა მტკიცებულება მამაცაშვილის კავშირზე საქმიანობასთან, რაც სანქციებს გამოიწვევდა

20 ოქტ 202219:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/20/ba0mn0vhwrhxbs6.png

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი უკრაინის მიერ მამაცაშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მამაცაშვილი კავშირშია ისეთ საქმიანობასთან, რომელიც მის დასანქცირებას გამოიწვევდა.

ადვოკატის განცხადებას ინტერპრესნიუსი აქვეყნებს:

"როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრი, შვილი ტატე მამაცაშვილი სხვა პირებთან ერთად სანქცირებულთა სიაში არიან. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, საინფორმაციო საშუალებებს ვთხოვთ, ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ ამ განცხადებით და მასში დაფიქსირებული პოზიციით", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა, რომელიც 12 ოქტომბრით არის დათარიღებული და ძალაში დღეიდან შევიდა. შავ სიაში შესაყვან პირთა სია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა. 

ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. ასევე, ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში. 


close დახურვა