logo
ENG



ადვოკატი: ივერი მელაშვილი პატიმრობის ალტერნატივად გირაოს შეთავაზებაზე უარს ამბობს

08 ოქტ 202013:05
3 წუთის საკითხავი
 

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ის პატიმრობის ალტერნატივად გირაოს შეთავაზებაზე უარს ამბობს.

როგორც ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ იყოს, მელაშვილი დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

"მისი პოზიცია არის, რომ ის არ აპირებს არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას, მათ შორის გირაოსი. ის თვლის, რომ ეს არის მისი ბრძოლა, იბრძოლებს ბოლომდე და არანაირი დათმობა არ იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ იყოს", - თქვა ადვოკატმა.

დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა გუშინ, 7 ოქტომბერს დააკავეს.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა