logo
ENG



ადვოკატი: სააკაშვილის ანალიზებში სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა და რეანიმატოლოგი გახდა საჭირო

25 ოქტ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ღამით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა და რეანიმატოლოგის დახმარება გახდა საჭირო. იგი აღნიშნავს, რომ შიმშილობის ფონზე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება, დამძიმდეს. 

"გუშინ ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და საჭიროი გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა. შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება", - ამბობს საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შექმნილი ექიმთა კონსოლიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა.

იგი მიზეზად საკუთარ ჯანმრთელობას ასახელებს და ამასთან ამბობს, რომ კონსოლიუმში დატოვა რეკომენდაციები, როდის და რა ტიპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი. კერძოდ, იგი უნდა გადავიდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოში. მისი თქმით, ამ რეკომენდაციებს კონსილიუმის სრული შემადგენლობა ეთანხმება. 

მიუხედავად ამისა, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება, მას მხოლოდ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. ბრეგაძის მტკიცებით, ციხის კლინიკა აკმაყოფილებს მრავალპროფილური საავადმყოფოს კრიტერიუმებს და შეუძლია მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვა. 

ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს. 

სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 


close დახურვა