ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული ბინის მეპატრონის, ზაურ ბუდაგოვის ადვოკატის, რამინ პაპიძის განცხადებით, საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა ბრალი. მისი მტკიცებით, პროკურორმა თვითონ მიიჩნია, რომ ბუდაგოვმა დაშალა სახლი.
"დაცვის მხარე არ ვეთანხმებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სახლის ნგრევის მიზეზი ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო. პროკურორმა თვითონ მიიჩნია, რომ ბუდაგოვმა დაშალა ეს სახლი მაშინ, როდესაც ეს არის აბსოლუტურად სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ დასადგენი გარემოება" - აცხადებს ადვოკატი რომელიც, ასევე დეზინფორმაციას უწოდებს ცნობას, მზიდი კედლების დაშლაზე.
მისი თქმით, პირველ სართულზე მიმდინარეობს შიდა კედლების დემონტაჟი.
"ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტმა უნდა შეისწავლოს, რომელსაც სახლის პროექტი ექნება და შემდეგ იტყვის კედელი, რომელიც ფართში მოიშალა იყო თუ არა მზიდი", - ამბობს ადვოკატი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.
ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.