logo
ENG



ადვოკატი: უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის დასაკითხად მისი უკრაინისთვის გადაცემა გადაწყვიტა

06 ოქტ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/06/tinmixswemllnzq.jpg

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უკრაინაში წარსულში მომხდარ ფაქტზე უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის, როგორც დაზარალებულის დაკითხვის მიზნით მისი საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ადვოკატის ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ყოფილი პრეზიდენტისადმი მოპყრობას უკავშირდება ტყუილია. ხაჭაპურიძის თქმით, საქმე ეხება უკრაინაში მომხდარ ინციდენტს, სადაც სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. ახლა კი სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დაკითხვის შესახებ. 

„უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში მიმდინარეობს გამოძიება უკრაინაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. დეტალები ბოლომდე ზუსტად არ ვიცი და ამიტომ მის განხილვაში ვერ შევალ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ [გადაწყვეტილება] საქართველოში მისდამი მოპყრობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს არასწორი ინფორმაციაა. და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, უკრაინაში მომხდარ რაღაც ინციდენტთანაა დაკავშირებული, სადაც ბატონი სააკაშვილი ცნობილია, როგორც დაზარალებული და უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, პროკურატურამ მხარი დაუჭირა და ამის შემდეგ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქართველოდან უკრაინაში ბატონი სააკაშვილის გადაცემის შესახებ მისი, როგორც დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვის მიზნით“ - განაცხადა ადვოკატმა.

ხაჭაპურიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ დარბაზში გამოაცხადა და განჩინება 2 დღეში გაეგზავნება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ისინი კი განჩინებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნიან.

ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის პრიორიტეტულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადვოკატის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველო სააკაშვილს უკრაინაში გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის ნებართვას მისცემს ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ ამას ვერ შეძლებს.


close დახურვა