logo
ENG



ადვოკატი: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ECHR-ს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა

05 სექ 202414:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/dqy2406ewt52c5p.jpg

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა და შინაარსობრივ ნაწილში შეუძლებელი ყოფილიყო გადაწყვეტილების გამოტანა. 

როგორც ჩოფიკაშვილმა პრესკონფერენციაზე თქვა, ევროსასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ჩაეტარებინა ეფექტური, საფუძვლიანი გამოძიება და პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა. ამასთან, საფუძვლიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია განმცხადებლის თბილისიდან გაუჩინარების და აზერბაიჯანში მოხვედრის ზუსტი გარემოებების დადგენა.

"ჩვენ ყოველ ჯერზე ვაცხადებდით, რომ სახელმწიფო აკეთებდა ყველაფერს არა იმისათვის, რომ საქმე ყოფილიყო გამოძიებული, არამედ სახელმწიფო აკეთებდა ყველაფერს, რომ ყოფილიყო გამოძიების იმიტაცია და რეალურად ეს საქმე არ ყოფილიყო გამოძიებული. ეს დაადასტურა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ", - აღნიშნა ჩოფიკაშვილმა პრესკონფერენციაზე.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ მუხთარლის 12 500 ევრო, ხოლო აზერბაიჯანმა 8 500 კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს.

სასამართლომ დაადგინდა, რომ საქართელომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) გამოძიების ჩატარების ნაწილში დაარღვია, თუმცა "არსებითი დარღვევა ამ მუხლების არ ფიქსირდება". 

ასევე სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მხრიდან კონვენციის მე-5 მუხლის (3) (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევა, რომლის თანახმადაც დაკავებული ან დაპატიმრებული დაუყოვნებლივ წარდგება სასამართლოს წინაშე ან სხვა თანამდებობის პირის წინაშე, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს სასამართლო უფლებამოსილება და აქვს უფლება გონივრულ ვადაში გაასამართლოს ან გაათავისუფლოს სასამართლო პროცესამდე; ასევე დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).


close დახურვა