logo
ENG



ადვოკატი ბრეგვაძის ჩანაწერზე: დიდი ცდომილებაა თარიღებში, არ გამოვრიცხავ რომ გაყალბებული იყოს

08 ივლ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც იაკობ ბრეგვაძის სატელეფონო ჩანაწერია, კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ეს ჩანაწერი 2 რიცხვით არის დათარიღებული. ხოლო პირველი ზარი, როდესაც იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა 19 ივნისს 00:45 წუთზე არის განხორციელებული, ხოლო მეორე ზარი, როდესაც 112-ის ოპერატორი ურეკავს იაკობ ბრეგვაძეს არის 30 ივნისით დათარიღებული. სწორედ ამიტომ ადვოკატს მიაჩნია, რომ ეს ჩანაწერია შესაძლოა გაყალბებული იყოს.

„როდესაც ფაილს იწერ ის დრო არასდროს არ იშლება და ერთი და იგივეა ყოველთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 2 ჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ერთი ჩანაწერი არის, როდესაც ფოტოგრაფი რეკავს 112-ში და ეს არის 19 ივნისი 00:45 წუთი, ხოლო მეორე ჩანაწერი, როდესაც ოპერატორმა გადაურეკა ფოტოგრაფს არის 30 ივნისი. ძალიან დიდი ცდომილებაა თარიღებში, არ გამოვრიცხავ რომ გაყალბებული იყოს. კომენტარი თავად მათ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

შს სამინისტრომ შაქარაშვილის საქმეზე, 112-ში ფოტოგრაფის ზარის ჩანაწერი გაასაჯაროვა. შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის მიერ 112-ში ზარი 19 ივნისს შევიდა - მან პოლიციას შეატყობინა დაპირისპირების შესახებ, თუმცა შემდეგ კვლავ დარეკა და შეატყობინა პოლიციას, რომ ინციდენტი ამოწურული იყო.

იაკობ ბრეგვაძის ადგილმდებარეობა, რომელსაც 112 ვერ აგნებდა, Google Map-ით მარტივად იძებნება. „ქებაბ ჰაუსი“, რომლის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე საუბრობს, ბათუმიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე, არაგვის ხიდთან მდებარეობს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა