logo
ENG



ადვოკატი გიორგი ტაბატაძე: შსს არ გვაწვდის ინფორმაციას დაკავებულებზე

01 მაი 202405:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/u1psqbpcmcgu3lo.jpg

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ 10-მდე ადვოკატი ცდილობს მოიძიოს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელი, თუმცა შსს მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.

ფორმულასთან საუბრისას ტაბატაძე ამბობს, რომ დაკავებულთა უმეტესობა სასტიკად არის ნაცემი.

"დაახლოებით 12 საათიდან მოყოლებული, დაახლოებით 10-მდე ადვოკატი ცდილობს მოიძიოს დაკავებულები, გაიგოს მათი ადგილსამყოფელი, თუმცა ვერ ვახერხებთ ამ ადამიანების მოძიებას და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვაწვდის ინფორმაციას მათი ადგილმდებარეობის შესახებ.

ჩვენ მივედით როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, ისე სხვადასხვა განყოფილებებში, იზოლატორებში, თუმცა ყველგან გვეუბნებიან, რომ დაკავებულები იქ არ იმყოფებიან, რაც თავისდათავად წარმოადგენს დაცვის უფლების დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, იმიტომ რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ აქვს უფლება ადვოკატისგან მიიღოს კონსულტაცია, მათ შორის, გააგებინოს ოჯახის წევრებს და მის უფლებადამცველს მისი მდგომარეობის შესახებ და ეს უფლება არის შეზღუდული.

ოჯახის წევრები გვიკავშირდებიან, ვინაიდან დაკავებულების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი, ოჯახის წევრები ნერვიულობენ ამის გამო და ჩვენ ვცდილობთ, შევხვდეთ ამ ადამიანებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, რაც კონსტიტუციური უფლებების ძალიან უხეში დარღვევაა და გარდა ამისა, ადვოკატის პროფესიის უპატივცემულობაა", - ამბობს ადვოკატი. 

სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა. 

ტერიტორიის დატოვებამდე, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა.

ჩიტაძის ქუჩაზე გადასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებდა. 

აქციის დარბევის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეები დარჩნენ რუსთაველის გამზირზე. 

სპეცრაზმმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

პოლიციამ აქციაზე არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, საპროტესტო აქციაზე დააკავეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც პოლიციამ სასტიკად სცემა.


close დახურვა