logo
ENG



ადვოკატი მოწამვლის შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე: გავარკვევ, ეჭვი მაქვს, მას არ დაუწერია

21 ნოე 202215:43
3 წუთის საკითხავი
 
ადვოკატი მოწამვლის შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე: გავარკვევ, ეჭვი მაქვს, მას არ დაუწერია

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეჭვობს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებული პოსტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის.

დღეს, 21 ნოემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აცხადებს, რომ ადვოკატებთან მოწამვლაზე ეჭვი არასდროს გამოუთქვამს.

"მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს. თუ დაწერა, საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი, თუ არ დაწერა, ამასაც გავარკვევ. ეჭვი მაქვს, რომ არ დაუწერია. თვეებია ვაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია, მას ორგანიზმში ჰქონოდა გარკვეული მეტალები და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. კერძოდ, ვივა მედის ერთ-ერთი ექიმი 15 მაისს აღნიშნავს, რომ უნდა გადამოწმდეს ანალიზები და მას უნდა ჩაუტარდეს ანალიზი. ჩამოვიდა პასუხი, რომ აღინიშნება გარკვეული მინერალები. ამჟამად მუშაობს ტოქსიკოლოგი იმასთან დაკავშირებით, საიდან შეიძლება ამ ადამიანს ჰქონოდა ეს ნივთიერებები. პირადად ჩემ ჩვენ მიერ არასდროს გაჟღერებულა, რომ შესაძლებელია მოწამვლა. მოწამვლა არის იურიდიული დეფინიცია, დანაშაულია, თუმცა მინერალები მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მედიკამენტებისგან, 15 თუ 18 მედიკამენტს იღებს. ტოქსიკოლოგია სულ სხვაა და იურიდიული დეფინიცია მოწამვლა - სულ სხვა"- ამბობს ხაჭაპურიძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 19 ნოემბერს ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტები მიუთითებენ, რომ ის მოწამლულია - გელბახიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება იძლევა ამის თქმის საფუძველს, ვინაიდან სხვა დაავადებები ამგვარად არ განვითარდებოდა.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ასევე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. მისი თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში ნივთიერება მხოლოდ ხელოვნურად შეიძლებოდა მოხვედრილიყო, თუმცა უცნობია, რა გზით.

ამას გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა არ მიუღიათ და "ყველას მოუწოდებენ, ამ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ".

ამასთან, როგორც 20 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, 21 ნოემბრის დილას სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავენ, რათა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა გაკეთდეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს.


close დახურვა