logo
ENG



ადვოკატი უგულავას საქმეზე: მოწმე დაადასტურებს ბრალდების მტკიცებულებების არადამაჯერებლობას

23 დეკ 201907:52
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ფულის გათეთრების ეპიზოდს ეხება. საქმის მთავარი მოწმე ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟაა“. როგორც უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, დღეს დასაკითხი მოწმე სწორედ რიჟას განცხადებაზე გაამახვილებს ყურადღებას. მისივე თქმით, დაკითხვის შედეგად დადასტურდება, რომ რიჟამ სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. 

„გრძელდება გიგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას პროცესი. დაიკითხება მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის არადამაჯერებელი. საუბარია მოწმეზე, რომელიც ასევე იყო იმ საკალათბურთო მატჩზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიგი უგულავა და გიორგი კაპანაძე. ამ ეტაპზე უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე ვართ გადასული. საქმის მსვლელობა გრძელდება. ბრალდების მხარე მრავალი წელი იკვლევდა მტკიცებულებებს და დაცვის მხარეს სულ რამდენიმე პროცესი დაეთმო ჯერ“, - აცხადებს ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ საქმე 2014 წლიდან განიხილება. სწორედ კაპანაძის განაცხადის საფუძველზე, ფულის გათეთრების ბრალდებით, უგულავა 2014 წელს ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიგი უგულავას ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიებიდან გადმორიცხული ფული, რომლის განაღდებაც საქართველოში მოხდა, არჩევნებისთვის სჭირდებოდა. 

გიორგი კაპანაძის მტკიცებით, შუამავალი მათ შორის გიგი უგულავას ყოფილი ნათესავი, გიორგი ღონიაშვილი იყო. თბილისის ყოფილ მერს კი ამ საქმეზე მხოლოდ ერთხელ, სპორტის სასახლეში საკალათბურთო მატჩზე შეხვდა. კაპანაძის თქმით, დარბაზში ხმაური იყო და ამ საუბარს მოწმე არ ჰყავს. დაცვის მხარე საქმეს შეკერილს უწოდებს, ოქროს მოწმეს კი - ყალბს. 

თავად კაპანაძე კი გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, ისევ ინარჩუნებს გავლენიანი ბიზნესმენის სტატუსს.


close დახურვა