logo
ENG



ადვოკატის თქმით, გოგაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო

27 ივლ 202215:21
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო დაადეს. ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე. აქამდე გრიფი საქმის მხოლოდ ერთ ნაწილს ედო და ახლა იმ მთლიან საქმეზე გავრცელდება.

"საქმეს გრიფით საიდუმლო დაადო პიროვნებამ, ვისაც იოსებ გოგაშვილი და მისი ოჯახი ადანაშაულებს კონკრეტულ გადაცდომებსა და შეიძლება ითქვას, დანაშაულის ჩადენაშიც კი. ეს არის ბატონი ღამბაშიძე. მან გამოიტანა წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მასალებს დადგებოდა გრიფით საიდუმლო. არ არსებობდა გრიფით საიდუმლოს დადების სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ვფიქრობ, რომ ის დარღვევები რომ არ გამოჩენილიყო სააშკარაოზე, რომელიც არსებობს სოსო გოგაშვილის დაკავებასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, სწორედ ამის გამო მოხდა საქმის რულად გრიფირება", - ამბობს ჩინჩალაძე.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. 

სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში, პროკურატურის განცხადებით, გრიფით საიდუმლო მასალებია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საქმის არსებითი განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართოს. 

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლს - საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი. 

ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ. 

კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა. 

რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასგოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს. 


close დახურვა