logo
ENG



ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ პილოტს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

06 ივლ 202414:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/06/02f4m40ptbuzp9g.jpg

ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ პილოტს, კახაბერ ზურაბაშვილს გორში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. პილოტი საკუთარი სახლიდან გამოასვენეს.

გორში სამძიმრის სათქმელად იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ჩიქოვანი პილოტის ოჯახში დღესაც მივიდა, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გაკეთდება ყველაფერი, რათა ინციდენტი გამოიძიონ.

"ეს ტრაგედია არის უმძიმესი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ იქნეს სრულად გამოძიებული ეს ინციდენტი. მეორეს მხრივ, ვიტყვი იმასაც, რომ, რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები არის ერთი დიდი ოჯახი და ჩვენ გვერდში დავუდგებით დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კატასტროფის ვერსიებზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეიძლება მოხდეს:

"არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ორ თეორიულ ვერსიაზე ერთი, არის, რომ შესაძლოა ტექნიკურად გაუმართავი ყოფილიყო საფრენი აპარატი და მორე ის, რომ შეიძლება შეცდომა დაეშვა ჩვენ პილოტს. ამ ორი ვერსიის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს მესამე და თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომელიც არის ის, რომ ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში. ვიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს მაგალითი, რომ დავაფასოთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები".

2 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სუ-25-ის ტიპის საფრენმა აპარატი კატასტროფა განიცადა. თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი ადგილზე დაიღუპა. 

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 


close დახურვა