logo
ENG



ავიაკომუნიკატორის დირექტორი: პრემიერი ოპტიმისტურად გვესაუბრებოდა, არ ველოდით ასეთ ლოკდაუნს

01 დეკ 202013:30
3 წუთის საკითხავი
 

ავიაკომუნიკატორის დირექტორი თამარ თანდაშვილი ამბობს, რომ ბიზნესს, როგორც ზაფხულზე, ისე ნოემბრის შეზღუდვებამდე, ცრუ მოლოდინები შეუქმნეს, რამაც კიდევ უფრო დააზარალა ისინი.

გადაცემაში კომენტარი მან გაიხსენა ერთი თვის წინანდელი შეხვედრა პრემიერსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, სადაც, მისივე თქმით, წერტილოვან შეზღუდვებზე ესაუბრნენ. 

"დაახლოებით ერთი თვის წინ ბიზნესასოციაციები ვიყავით მიწვეული პრემიერთან შეხვედრაზე, სადაც არ იყო საუბარი ტოტალურ ლოკდაუნზე, საუბარი იყო წერტილოვანზე. აი, ეს არის მოლოდინების შექმნა. ჩვენ პრობლემას ამაში ვხედავთ. ზაფხულშიც შეიქმნა მოლოდინები, რომ გაიხსნებოდა საზღვრები, კომპანიებმა, ორგანიზაციებმა გააკეთეს ინვესტირება, დაიწყეს მომზადება ამ გახსნისთვის. აღმოჩნდა, რომ მოლოდინები არ გამართლდა რიგი მიზეზების გამო. იგივე იყო ერთი თვის წინ.

მაშინ ძალიან მკაფიოდ გვითხრა [პრემიერმა], რომ ახლა უნდა მოვემზადოთ პოსტ-პანდემიური პერიოდისთვის, რომ ძლიერად შევხვდეთ და მყისიერად აღვადგინოთ ჩვენი საქმიანობა. როდესაც ასეთ ოპტიმისტურ ნოტაზე მთავრდება ხოლმე შეხვედრები, შემდეგ არ ველოდით ნამდვილად ასეთი ტიპის ლოკდაუნს, რომელიც კვლევებსა და ციფრებზე დაყრდნობით რომ მოგახსენოთ, გეტყვით, რომ ვერანაირად ვერ შეაკავებს ვირუსის გავრცელებას", - ამბობს თამარ თანდაშვილი.

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში) და სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში) საკვები ობიექტები მხოლოდ გატანის (takeaway) და მიტანის (delivery) რეჟიმში იმუშავებენ. 

დაკეტილი ობიექტები დროებით გაიხსნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე. ამ პერიოდში მუშაობას შეძლებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები. 

3 იანვრიდან 16 იანვრამდე შეზღუდული დაწესებულებები კვლავ დაიკეტება. 16 იავნრიდან 31 იანვრამდე კი სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა შაბათ-კვირის გარდა კვლავ აღდგება. 


close დახურვა