სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, აშშ-ის მიერ ავიაკომპანია Belavia-ს დასანქცირებას შეისწავლიან და რეაგირება შემდეგ ექნებათ. Belavia მინსკიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით დაფრინავს.
სააგენტოს თქმით, "მუდმივად ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს".
"სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.
სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-მა გუშინ, 9 აგვისტოს ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა. სიაში მოხვდა ავიაკომპანია Belavia-ც - ამასთან, ახალი სანქციები ეხება 8 ფიზიკურ პირსაც.