logo
ENG



ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

18 ოქტ 202109:42
3 წუთის საკითხავი
 

ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

შ​ენობაში, რომელიც ხელახლა ჩამონგრევის საფრთხის წინაშეა, სამი ოჯახი ცხოვრობს.

ჩამონგრევისას არავინ დაშავებულა.

შენობა უკვე წლებია ავარიულია, თუმცა იქ მცხოვრებლებს საკუთარი სახსრებით მისი გამაგრების უფლებას არ აძლევენ, რადგან სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, ძეგლთა დაცვის სამინისტროს კი, ადგილობრივების თხოვნის მიუხედავად, რეაბილიტაცია არ ჩაუტარებია.

ეზოში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა გაუსაძლისი პირობების გამო აქ ახლა 3 ოჯახია შემორჩენილი.

ავარიული მდგომარეობის გამო შენობაში არც გაზის შეყვანაა შესაძლებელი.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ან კულტურული ძეგლის სტატუსი მოეხსნას შენობას, რომ ინვესტორმა შეძლოს შემოსვლა და ჩვენი დაკმაყოფილება, ან მოხდეს სრული რეაბილიტაცია. იმიტომ, რომ ბომბია. როგორია, შიშით რომ გძინავს". - ამბობს კორპუსში მცხოვრები ლევან კურტანიძე. 

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამგეობის თანამშრომლებიც.

მათ ადგილობრივებს ქირით გადასვლა შესთავაზეს, თუმცა დაზარალებული ამ შეთავაზებაზე ურას ამბობენ, რადგან მუდმივად ქირით ცხოვრება არ სურთ. 

"ეს არის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი. მისი გამაგრება გამგეობის პრეროგატივა არ არის და თან, იმხელა თანხა ჯდება, რომ გამგეობას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ეს არის მე-5 კატეგორიის ავარიული შენობა. საცხოვრებლად საშიშია. მოსახლეობას განემარტა, რომ საშიშია და ვთხოვეტ ქირით გასვლა. ნაწილი დათანხმდა, ნაწილი - რჩება". - ამბობს გამგეობის წარმომადგენელი. 


close დახურვა