logo
ENG



ავსტრევიჩუსი: იმედია შეხვედრა შედეგს მოიტანს, მთავარია, დიალოგი არ იყოს 1 დღის შოუ

01 მარ 202121:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/01/bhvg4qctayrfl9w.jpg

ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩუსი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიცია-ხელისუფლების მიმდინარე შეხვედრას მიესალმება და აღნიშნავს, რომ მთავარია მხარეებს შორის მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდეს.

როგორც ავსტრევიჩუსმა ფორმულას ეთერში განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ მხარეებს შორის დიალოგი ნაყოფიერი იქნება და შედეგს მოიტანს. 

"მშვენიერი ამბავია. მიხარია იმის გაგება, რომ ბოლოს და ბოლოს მოლაპარაკებები დაიწყება თბილისში, რასაც ადგილი უნდა ჰქონოდა ჯერ კიდევ 1 კვირის წინ. შარლ მიშელი მიეკუთვნება ლიბერალების პოლიტიკურ ოჯახს. ძალიან ღია და გახსნილი პიროვნებაა. მან კარგად იცის რა რთულია ასეთი პროცესები, მაგრამ მთავარი ინსტრუმენტი სწორედ დიალოგია. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა მოიტანს შედეგს. მთავარია მხარეებმა აწარმოონ მოლაპარაკებები მანამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება", - ამბობს ევროპარლამენტარი.

ის ფიქრობს, რომ ეს მედიაცია ევროკავშირის პროცესში ჩართულობას ნიშნავს. ამ ჩართულობისთვის ავსტრევიჩუსი ​ევროკავშირის მადლობას უხდის. 

"მედიატორობა უკვე უფრო მაღალი დონის ვალდებულებაა. ჩემი აზრით ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი იქნება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა. მჭირდება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიშელმა პოზიტიური რეაგირება მოახდინა ჩვენი ევროდეპუტატების წერილზე.

იმედს ვიტოვებ და მთავარია რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდეს და არ იყოს როგორც ერთი დღის შოუ და არ შეწყდეს მაშინ, როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წამოვა თბილისიდან. ევროკავშირის ელჩი ადგილზეა და ადევნებს თვალს სიტუაციას. ამ სენსიტიური საკითხისთვის ბრიუსელიდან სპეციალურად კონკრეტული პიროვნების გაგზავნაც კი იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა პეტრას ავსტრევიჩუსმა.  

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. 

მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრები გამართა. მიშელი ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. 


close დახურვა