ავტომობილი, რომელსაც პოლიცია აედევნა, ხიდზე გადაბრუნდა. ინციდენტი მარნეულში მოხდა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროსვე განუცხადეს, სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ერთ-ერთი ავტომობილის, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა შექმნა ავარიული სიტუაცია, რის შემდეგაც მძღოლს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს.
პოლიციის მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა, გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა.
უწყების ცნობით, ავტომობილში მყოფმა პირებმა სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ დააკავა.