logo
ENG



ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია, სავარაუდოდ, უკრაინის დახმარებით მოხდება

15 აგვ 202119:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/15/a3we7kgb0n7dn0i.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინასთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან, რათა ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინის საჰარეო ბორტით მოხდეს.

მათი ცნობით, კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით აქტიურად მუშაობს ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე. ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი ჩვენი მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ. სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში.

კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის  უკრაინის საგარეო უწყებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ Facebook-ზე დაწერა, რომ ქაბულში საქართველოს 22 მოქალაქეა ჩარჩენილი, რომელებიც ქვეყანაში დაბრუნებას ითხოვენ.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანი დღეს, 15 აგვისტოს შევიდა, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.


close დახურვა