logo
ENG



ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების უკრაინული ბორტით ევაკუაცია, სავარაუდოდ, არ მომხდარა

16 აგვ 202110:58
3 წუთის საკითხავი
 

ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინული თვითმფრინავით, სავარაუდოდ, ჯერ არ მომხდარა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ უკრაინულმა ბორტმა ავღნეთიდან გამოიყვანა უკრაინის, ნიდერლანდების, ხორვატიის, ბელარუსის მოქალაქეები. მას საქართველოს მოქალაქეები არ უხსენებია. 

"ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან. ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს და ვეხმარებით სხვებს. შემდგომი მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც შევძლებთ, უკრაინელების და უცხოელების დასახმარებლად". - წერს კულება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ავღანეთიდან ევაკუირებულია 80 ადამიანი.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამაზე ინფორმაციას მალე გაავრცელებენ. 

გუშინ, 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა ქაბული დაიკავა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა ავღანეთიდან გასვლა დაიწყეს. გაირკვა, რომ ქვეყანაში საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფება. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აქტიურად ეკონტაქტებიან უკრაინას, რათა ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინის საჰაერო ბორტით მოხდეს. 

თალიბანმა ავღნეთში ძალაუფლება საბოლოოდ გუშინ, 15 აგვისტოს აიღო. 

ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ლეგიტიმური ხელისუფლება მათ უბრძოლველად დანებდა და ძალაუფლება გადააბარა. 

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთში გაემგზავრა.

ავღანეთის დედაქალაქში თალიბანი დღეს, 15 აგვისტოს შევიდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.


close დახურვა