დღეიდან აზერბაიჯანში კარანტინის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა. ახალი რეგულაციით ქვეყნის მასშტაბით 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს 20 აპრილამდე ქუჩაში გასვლა აეკრძალათ. კოვიდ 19-ის გავრცელების გამო, კარანტინი გამოცხადდა კვიპროსზეც, სადაც დაინფიცირებულია 116 და გარდაცვლილია ერთი ადამიანი. საფრანგეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 862-ს მიაღწია. არანაკლებ რთული ვითარებაა ესპანეთშიც, თუმცა პანდემიის გავრცელების ცხელ წერტილად მაინც იტალია რჩება, სადაც კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში ექვსი ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში პანდემიამ ჩინეთში კიდევ შვიდი, სამხრეთ კორეაში ცხრა, ტაილანდში სამი, ავსტრალიაში, მექსიკასა და პარაგვაიში კი ერთი ადამიანი იმსხვერპლა. დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, კოვიდ 19-ით ქვეყანაში სულ 582 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის მიუხედავად შეერთებული შტატების გახსნასა და ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის განახლებას აპირებს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, ამერიკა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს.