ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმის ახალ მასალებში - საქმეში 10 წლის ბავშვი ჩვენება დევს. არასრულწლოვანი, რომელიც მშობლებთან ერთად 18 ივნისის ღამეს ფერად შენობასთან ავტომანქანით იმყოფებოდა, სრულად აღწერს მისი მშობლების მოქმედებებს.
საქმის ფიგურანტი ავტომობილის მძღოლი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დავით კიპაროიძე ამტკიცებდა, რომ ოჯახი მიჰყავდა საჩხერეში და თან ჰყავდა მეუღლე და ორი წლის შვილი - თუმცა, გამოძიებამ გამოკითხა ათი წლის მოზარდი.
მოზარდი ამბობს, რომ სოფელში წასვლის გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღეს, მცხეთაში კი ხიდთან გააჩერეს ავტომობილი და მამა გადავიდა მანქანიდან, მალევე მოიტანა მწვანილი.
ბავშვი ყვება, რომ მათთან იყო დედა, რომელმაც ასევე დატოვა მიკროავტობუსი და ნახა, თუ რას აკეთებდა მამა.
გამომძიებლები ინტერესდებიან, დაინახა თუ არა ვინმე ხიდის მიმდებარედ ათი წლის მოწმემ - ბავშვის თქმით, მას არავინ დაუნახავს და არაფერი გაუგონია.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხული დავით კიპაროიძე აცხადებს, რომ მან არაგვის ხიდთან გაიარა, თუმცა არაფერი დაუნახავს და მიკროავტობუსი იმიტომ გააჩერა, რომ გზაზე დაყრილი ნიახური აეკრიფა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.
ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვალება გამოიწვია წყალში დახრჩობით ასფიქსიამ - გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა ახალი მუხლი: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული - მათგან არცერთს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება არ აქვს წარდგენილი.