ირანის ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აშშ-სა და ისრაელს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ადანაშაულებს. ირანში 2 კვირაა, ჰიჯაბის კანონების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
პროტესტის ნიშნად ირანელი ქალები საჯაროდ წვავენ თავსაბურავებს, იჭრიან თმას. მშვიდობიანი მოქალაქეები აქციას მას შემდეგ მართავენ, რაც 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ის რაც არ არის ნორმალური, არის ის, რომ ზოგიერთმა ადამიანმა, მტკიცებულების ან გამოძიების გარეშე, ქუჩები სახიფათო გახადა, დაწვეს ყურანი, ჩამოართვეს ჰიჯაბი ქალებს და დაწვეს მეჩეთები და მანქანები.
მკაფიოდ ვამბობ, რომ ეს არეულობები და უსაფრთხოების დარღვევა ამერიკისა და ოკუპანტი, ყალბი სიონისტური რეჟიმის [ისრაელის] მიერ არის პროვოცირებული, ისევე როგორც მათი დაქირავებული აგენტების მიერ, საზღვარგარეთ მყოფი ზოგიერთი ირანელი გამყიდველი ირანელის დახმარებით," - განაცხადა ირანის ლიდერმა.
აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ირანის უშიშროების ძალებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ისინი არეულობის დროს უსამართლობის წინაშე აღმოჩნდნენ.
ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა. აქტივისტები ირანის ქალაქებში კვლავ აპროტესტებენ 22 წლის მაჰსა ამინის დაკავებას და დაღუპვას. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. მიუხედავად პოლიციის მხრიდან ძალადობისა, საპროტესტო აქციები არ წყდება თეირანში, ქომში, რაშტში, სანანდაჯში, მასჯედ-ი-სულეიმანსა და სხვა ქალაქებში.