„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აკაკი ზოიძე საზოგადოებას თვითიზოლირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.
მისივე განცხადებით, დღეს სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განიხილეს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ყველაზე მძიმე და ყველაზე საიმედო სიტუაციებში. მისივე თქმით, სამხრეთ კორეიდან 200 000 ტესტის ჩამოსვლის შემდეგ დაიწყება მოქალაქეების ტესტირება, თუმცა პირველ რიგში ტესტირება კონკრეტულ ჯგუფებს ჩაუტარდებათ.
„დღეს სამედიცინო საზოგადოების ნაწილთან იყო შეხვედრა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სავარაუდო სცენარები შეიძლება განვითარდეს ყველაზე მძიმე და ყველაზე საიმედო შემთხვევაში. რაიმე ზომების მიღება ხომ არ გვაკლია - ეს იყო ძირითადად მსჯელობის თემა, რაც საკმაოდ ნაყოფიერი იყო. კონკრეტული ღონისძიებებიც დაისახა, კონკრეტულ შეთანხმებებსაც მივაღწიეთ. კვირაში ერთხელ მოხდება იმ სიტუაციის მოდელირება, რომლიც შემდეგი ერთი თვის განმვლობაში გვექნება. ვისაუბრეთ ტესტირებაზე და იმაზე, თუ რომელ ჯგუფებს ჩაუტარდება. ტესტირება არ არის პანაცეა. ის ეპიდაფეთქებას ბოლოს ვერ მოუღებს, ის კარგი ინსტრუმენტია, რომლითაც მოხერხდება დაავადების შეკავება. ტესტირების გეგმა, თუ რა ჯგუფებს ჩაუტარდება პირველ რიგში, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო იზრუნებს. რეკომენდაცია კვლავ რჩება იზოლირება, ფიზიკური დისტანციაა, სოციალური სოლიდარობა. ყველა ვართ რისკის ქვეშ და ყველა უნდა ვიყოთ კარანტინში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.