აკუსტიკურ ხმაურზე გამკაცრებული სანქციები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძე, ისაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, ამ დრომდე ჯარიმის დადგენილი ოდენობები აკუსტიკური ხმაურის გადაჭარბების პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა.
"კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია და დადგენილია შესაბამისი ფულადი ჯარიმებიც, თუმცა დღემდე დადგენილი სანქციები, ჯარიმის ოდენობები, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება. ამიტომაც, მოვამზადეთ კანონპროექტი და წარვუდგინეთ პარლამენტს. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის", - თქვა კალაძემ.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან.
"გვესმის ბიზნესის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების უფლებები, რომლებზეც დასაშვებ დონეზე მეტად წარმოქმნილი ხმაური უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე", - ამბობს ის.
კანონის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას - 1 500 ლარით.
იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 5000 ლარით. ხოლო, მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე ფიზიკურ პირი 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმას მიიღებს, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით.