logo
ENG



ალასანია: საფრთხე ემუქრება სააკაშვილსაც და ყველას, რადგან ადამიანის უფლებები არაა დაცული

08 ნოე 202121:18
3 წუთის საკითხავი
 
ალასანია: საფრთხე ემუქრება სააკაშვილსაც და ყველას, რადგან ადამიანის უფლებები არაა დაცული

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი შვილის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.

როგორც ალასანიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ყველას, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული არაა.

"დიდი ხალხია ქუჩაში გამოსული. ეს ხალხი რისკის ქვეშაა. არაფრისგან არ ვართ დაზღვეული, რომ რაღაც პროვოკაციები მოეწყოს... ჩემ შვილს რა თქმა უნდა ემუქრება საფრთხე, მაგრამ ასეთ პირობებში საფრთხე ემუქრება ყველას, ყველას გვემუქრება საფრთხე, როცა ადამიანის უფლებების ასეთი ხშირი დარღვევაა. არც ერთი ადამიანის უფლება არაა დაცული", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს ექიმების კონსილიუმმა რეკომენდაცია გასცა, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაეყვანათ. რამდენიმე საათში მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. მან ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ სააკაშვილი ციხიდან "გაიტაცეს", რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა ვერტმფრენი და ორი ბრონირებული ავტომობილი.

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.


close დახურვა