ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით ტირანაში დააკავეს. მისი ადვოკატი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
55 წლის მეტა, რომელიც პრეზიდენტი 2017-2022 წლები იყო, ამჟამად ოპოზიციური პარტია თავისუფლების ლიდერია. იგი კოსოვოდან ტირანაში ბრუნდებოდა, როდესაც პოლიციამ მისი მანქანა გააჩერა და დააკავა. პოლიციის განცხადებით, მის წასაყვანად ძალის გამოყენება დასჭირდათ.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მეტას ბრალად ედება პასიური კორუფცია, არადეკლარირებული ქონება და ფულის გათეთრება. წარსულში მეტა ბრალდებებს უარყოფდა. ადვოკატის თქმით კი, აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ წლების წინანდელი "სიცრუე" გააცოცხლეს.
მეტას ყოფილმა ცოლმა, მონიკა კრიმადჰიმ Facebook-ზე დაწერა, რომ მასაც მსგავსი ბრალი წაუყენეს.
ანტიკორუფციული პროკურატურის SPAK-ის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის თამამდებობაზე ყოფნის დროს მეტამ უცხოური კომპანიის წინაშე ვალების დაგროვების სქემით საკმაოდ დიდი თანხა გამოიმუშავა. ამასთან, ბრალდების თანახმად, მეტამ და მისმა ყოფილმა ცოლმა სატელეფონო ქსელთან გარიგებითაც იშოვეს ფული.
პარლამენტის სპიკერად ყოფნის პერიოდში კი მეტამ და კრიმადჰიმ, რომელიც დეპუტატი იყო, ბრალდების თანახმად, ბიზნესმენისგან ვილა მიიღეს დახმარების სანაცვლოდ, რაც პარლამენტში კანონის შეცვლასაც მოიცავდა. სხვა ბრალდებები მოიცავს ლობისტური ფირმისთვის უკანონო გადახდებს, ბინის შეძენასა და არადეკლარირებულ ქონებას.
მეტა არაა ოპოზიციის ერთადერთი წევრი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გასულ თვეში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ჯგუფის დემოკრატიული პარტიის ლიდერს, სალი ბერიშას კორუფციაში დასდეს ბრალი. ამასთან, პარტიულ პოლიტიკოსს ერვინ სალიანჯის პრემიერზე "ყალბი ანგარიშის" მომზადების გამო ერთი წელი მიუსაჯეს.