logo
ENG



ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ქართულ ოცნებასთან შესახვედრად პარლამენტში მივიდნენ

22 იან 202111:01
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო პარლამენტის ვიდეოდან

პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. შესვლისას ელისაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გეგმავენ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და ფრაქციის თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. მისივე თქმით, ეს იქნება "მოსამზადებელი შეხვედრა" მმართველ პარტიასთან კონსულტაციებისთვის. 

"პარლამენტის თავმჯდომარეს ვხვდებით, არანაირი პირობებით, ჩვენ გვაინტერესებს მათი მზაობა, შეთანხმების პუნქტებთან დაკავშირებით, რამდენად აქვთ სერიოზული მზაობა. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება",- აცხადებს ელისაშვილი. 

21 იანვარს პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ასრულებს. ის ქართულ ოცნებას მიმართავს და აცხადებს, რომ საჯაროდ შეხვედრისთვის მზადაა.

"ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის მოქალაქეების სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში". 

ალეკო ელისაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძახა, რაც ის და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპიდნენ. ამის შემდეგ ხაზარაძემ თქვა, რომ ოპოზიციის საერთო შეკრებაზე ელისაშვილი ვეღარ მივა, სხვა ოპოზიციონერებმა კი განაცხადეს, რომ ელისაშვილთან ლაპარაკს აღარ აპირებენ.

მანამდე პარტია მოქალაქეებმა, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის გირჩთან ერთად, ოპოზიციურ პარტიებთან ახალი წინადადებით ინდივიდუალური კონსულტაციები სცადა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად ქცევას ითვალისწინებდა. პარტიებმა თქვეს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მათი წინადება უკვე ჩამოყალიბებულია, რიგგარეშე არჩევნები ან ამის შესახებ პლებისციტი კვლავ ძალაში რჩება და მსგავს ახალ წინადადებებს დისონანსი შემოაქვს. მათ ინდივიდუალურ შეხვედრებზე უარი თქვეს.


close დახურვა