აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იტალიაში გამართულ ჩერნობიოს საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების 80% უკვე შეთანხმებულია.
"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებზე ბოლო სიახლეები გვაჩვენებენ, რომ ჩვენ მშვიდობის გზას ვადგავართ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ დისკუსიებს და სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის თითქმის 80%-ზე უკვე შევთანხმდით", - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ბაქომ და ერევანმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უკვე დაიწყეს.
"და ეს არამხოლოდ დელიმიტაცია, არამედ დემარკაციაცაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა პირველი ნაბიჯი - ჩვენ 1000-კილომეტრიანი საზღვრის მხოლოდ 13-კილომეტრიან მონაკვეთზე შევთანხმდით - ნაბიჯია სწორი მიმართულებით", - თქვა ალიევმა.
ალიევმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის ინიციატივა, აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთთან, საბოლოოდ ქვეყნებს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე მიიყვანს.