პარტია "კონსერვატული მოძრაობა", რომელიც პრორუსულმა და ძალადობრივმა ორგანიზაცია "ალტ-ინფომ" დააფუძნა, სასამართლომ 218 ათასი ლარით დააჯარიმა.
ინფორმაცია ფორმულას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ დაუდასტურა.
"კონსერვატული მოძრაობის" წინააღმდეგ აუდიტის სამსახურმა სასამართლოს 2 საქმეზე მიმართა:
- პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად წარადგინა აუდიტის სამსახურში, კერძოდ, მათ წარადგინეს განცხადება იმის შესახებ, თითქოს დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონდათ, თუმცა პარტიამ ოფისების დიდი ნაწილი დეკემბერში უკვე გახსნა.
- შემოწირულობების დამალვა - საუბარია არაფულადი შემოწირულობის დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულობაზე, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს. ასევე, პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა. ჯამში, დამალული არაფულადი შემოწირულობა 72 000 ლარზე მეტია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიას ეკისრება დამალული თანხის სამმაგი ოდენობით გადახდა.
