logo
ENG



ალუდა ღუდუშაური ედუარდ მარიკაშვილს: ბლატაობს ეს

28 დეკ 202115:25
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ქეთი ნადიბაიძე/ფორმულა

ალუდა ღუდუშაური ედუარდ მარიკაშვილს: ბლატაობს ეს

​ქართული ოცნების წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა GDI-ის დირექტორის, ედუარდ მარიკაშვილის კრიტიკის პასუხად თქვა: "ბლატაობს ეს". 

ადამიანის უფლებათა და საპროცედურო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მმართველი პარტიის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. 

ედუარდ მარიკაშვილმა ქართული ოცნებას ავტორიტარული რეჟიმი უწოდა. 

"დავარქვათ თქვენს გადაწყვეტილებას სახელი, რომ ეს გამოჩნდეს როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ჩვენმა მოსახლეობამ დაინახოს, თქვენ რაც გქვიათ - თქვენ ყველანი ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები". - თქვა მარიკაშვილმა

ქართული ოცნების წევრების აღშფოთება სწორედ ამან გამოიწვია. 

"თითი ჩაწიე" - უთხრა მარიკაშვილს გურამ მაჭარაშვილმა.

"ნუ ბედავთ ჩვენთან ასე ლაპარაკს ჩვენთან და საზოგადოებასთან". - უპასუხა მარიკაშვილმა

"ბლატაობს ეს". - თქვა ალუდა ღუდუშაურმა. 

"სიტყვა ბლატაობა და მსგავსი ტერმინოლოგია გამოიყენეთ ქუჩაში". - თქვა ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ. 

ქართული ოცნების წევრების თქმით, ავტორიტარულ რეჟიმად შეფასება შეურაცხმყოფელია, ამიტომ მათ მარიკაშვილს ლაპარაკის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. 

"გააგდე აქედან, კაცო". - უთხრა ედუარდ მარიკაშვილზე გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს. 

​სიტყვიერი დაპისპირების შემდეგ კომიტეტის სხდომა NGO-ების წარმომადგენლების ნაწილმა დატოვა, მათ შორის, ედუარდ მარიკაშვილმა, ბაია პატარაიამ და იდა ბახტურიძემ

მანამდე სხდომა დატოვა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ. მისი თქმით, ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღო საგნობრივი პასუხი.

***

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. ამასთან, ის დეკრეტულ შვებულებაშია. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო". 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა