logo
ENG



ამბები, რომლებიც 10 სექტემბერს არ უნდა გამოტოვო

10 სექ 202009:18
3 წუთის საკითხავი
 
0rassoqeklyz05e.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 10 სექტემბერს უნდა იცოდეთ.

 

დაჭრა ზუგდიდში

ზუგდიდში თხილის პარტნიორებს შორის დაწყებული დავა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულს ბლაგვი საგნით, კერძოდ ჩაქუჩით, მიყენებული ჭრილობა აღენიშნება, მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

აფეთქება ზუგდიდში

ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება დადიანის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ელექტრო მრიცხველების აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქების ხმა დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის გაიგეს და დანარჩენი მეზობლების ევაკუირება საკუთარი ძალებით მოახდინეს, მოგვიანებით კი სახანძრო სამაშველო სამსახურიც მოვიდა. ადგილზე ასევე, მობილიზებული იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

 

შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

შაქარაშვილის საქმის მოწმე, მარიამ ხატისკაცი აცხადებს, რომ შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ , ამირხანაშვილმა და ახვლედიანმა მას პოლიციაში დარეკვის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ აგარაკის წვეულების მონაწილემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

არასრულწლოვნების სასამართლო სხდომაზე გიორგი ქათამაძე და პოლიციელებიც დაიკითხნენ. პროკურორის მტკიცებით დაზარალებულმა გიორგი ქათამაძემ, ბრალდებული გიორგი მერაბიშვილი და არასრულწლოვანი ნ.შ ხიდზე ძალადობის ეპიზოდში ამოიცნო. საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებულ გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი, როსტომ კერესელიძე. კერესელიძის თქმით, გიორგი ქათამაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ავტობანზე მომხდარ ძალადობის ეპიზოდში არ დაუსახელებია.

ოცნების სიის წარდგენა

ქართული ოცნება დღეს 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. სიას ოპოზიციაში უკვე აფასებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მმართველი საარჩევნო სიაში ისეთი ადამიანები იქნებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ და მის ბრძანებებს შეასრულებენ. 

 

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

საქართველოში დაბრუნების შემდგომ გეგმებზე და ქვეყნის პროგრესის რელსებზე დაყენებაზე ისაუბრა ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფორმულას ეთერში, გიორგი თარგამაძის პოლიტიკის ფორმულაში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ მათ სჭირდება სხვა პრემიერი ამის გამო ის კალთებს არავის ჩამოახევს.

მან ასევე უპასუხა კითხვასაც პარლამენტში კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის ბოლო 7 წლის მანძილზე ძალიან შეიცვალა და პოლიტიკურ ცხოვრებას სულ სხვაგვარად აღიქვამს. 

 

თავდასხმა გიორგი ვაშაძის მხარდამჭერებზე

გიორგი ვაშაძის მხარდამჭერებს უცხო პირები თავს დაესხნენ. არასრულწლოვნებს სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის განცხადებით მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად ცდილობს მათ მხარდამჭერებზე იძალადოს.

.

პირები, რომლებმაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებზე იძალადეს, გვიან ღამით პოლიციამ დააკავა. შსს-მ განცხადებაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია რომ სამართალდამცავებმა პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

 

პროტესტი ქორწილების აკრძალვას

ივენთ მენეჯერები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. კომპანიების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, სახელმწიფოს მხრიდან წინასწარ გაუფრთხილებლობის გამო.

მმართველ გუნდს ივენთ მენეჯერები გეგმის არ ქონაშიც ადანაშაულებენ. კომპანიების მთავარი მოთხოვნა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაა.

 

სტიქია კახეთში

სეტყვამ ახმეტის რამდენიმე სოფელში ვენახები დააზიანა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანების ხარისხი 40-დან 50%-მდეა. ძლიერმა სეტყვამ სოფლის სასოფლო - სამეურნეო სავარგულებიც დააზიანა. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებული ზიანი ვენახებს მიადგა, სტიქიის ზონაში უკვე მუშაობენ ადგილობრივი მერიის შესაბამისი სამსახურები და ვითარებას სწავლობენ.

 

საიდუმლო სამარხები ეგვიპტეში

ეგვიპტეში 2500 წლის წინანდელი ხის ჰერმეტულად დახურული 13 სამარხი აღმოაჩინეს. ეგვიპტის ტურიზმისა და ანტიკვარიატის მინისტრის განცხადებით, სამარხები ერთმანეთზე დაწყობილ მდგომარეობაში, 11 მეტრის სიღრმეში, უძველესი ნეკროპოლისის კომპლექსში აღმოაჩინეს.

სამარხები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და მარტივად შესაძლებელია ნახატების ამოცნობა. წინასწარი ინფორმაციით, კუბოები ჩამარხვამდე ჰერმეტულად იყო დახურული. ჯერჯერობით სამარხებს შორის კონტაქტი არ არის დადგენილი. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1773 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 132 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 390 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5882 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 28 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 20.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 908 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა