logo
ENG



ამბები, რომლებიც 15 ივლისს არ უნდა გამოტოვო

15 ივლ 202009:09
3 წუთის საკითხავი
 
067wxv1ylvczhbl.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 15 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა ადვოკატებს საქმის ახალი მასალები გადაეცათ, რომელიც 18 ტომს მოიცავს. უწყებაში გარდაცვლილის ბიძაც იმყოფებოდა. მირიან ნიკოლაძის განმარტებით, საქმის ახალი მასალებით მომხდარში მნიშვნელოვანი დეტალები იკვეთება, თუმცა კონკრეტულად რა დეტალები ამაზე არ უსაუბრია. ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადამცველები კი განმარტავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ დასტურდება. 

სიახლეა ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გარშემოც. ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გადაცემაში „პოლიტმეტრი" ანა გაბეჩავასთან ინტერვიუ გაასაჯაროვა. იუბილარი ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი მეგობარია და ის ლისის გზაზე შენიშნეს. კილაძის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ფოტოგრაფის ნათქვამი, თითქოს ის მცხეთიდან სახლში წავიდა, რადგან იგი თემქის ბინაში მისვლამდე ლისზე მიდიოდა. 

 

კომუნიკაციების კანონის განხილვა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის განხილვამ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ხმაურის ფონზე ჩაიარა. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესა და „ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს კამათი ოპოზიციონერ დეპუტატებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ჰქონდათ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მარეგულირებლის კანონის მიღება დემოკრატიისა და საკუთრების უფლებისთვის საფრთხის შემცველია.

 

ზუგდიდში ქალი ჩვილის დახრჩობის ბრალდებით დააკავეს

ქალმა ახალშობილი სავარაუდოდ მოკლა, ცხედარი კი მამას საიდუმლოდ დაამარხინა. შემთხვევა ზუგდიდში მოხდა. ირკვევა, რომ 35 წლის ქალი 9 თვის განმავლობაში ორსულობას მალავდა, მომხდარის შესახებ ოჯახისთვის კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალმა კლინიკა ორ დღეში დატოვა. იმავე საღამოს საკუთარი სახლიდან პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა, ხოლო მეორე დღეს ოჯახს აცნობეს, რომ ქალი წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა. გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც. 

ზუგდიდში ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს

14 ივლ 202023:24

 

რურუას საქმე

მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას პროცესი საქალაქო სასამართლოში 12 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე დღეს თავად ბრალდებული დაიკითხება. დღევანდელ პროცესზე საბოლოოდ დასრულდება დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოწმებიის დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა. 

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროში პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება მოსამართლე სწორედ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ფონზე გამოიტანს განაჩენს, რომელიც უკვე მალე, 3 სხდომის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.

 

აქცია ერგნეთში

დღეს ერგნეთში სამოქალაქო აქტივისტები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას აღარ სჯერდებიან და უკვე შეიარაღებულ თავდასხმაზე გადმოდიან. 

 

ბენქსის ახალი სტენსილი

ლონდონის მეტროში ბენქსის ახალი ნამუშევარი გამოჩნდა. ვიდეორგოლში, რომელიც მხატვრის ინსტაგრამის გვერდზე გამოჩნდა, ის მიწისქვეშ დამცავი კოსტიუმით და ნიღბით ჩადის, ნახატები კი კორონავირუსის პანდემიას და დაწესებულ შეზღუდვებს ეძღვნება. მეტროს მატარებლის ვაგონში გამოსახული ბენქსის ცნობილი „შავი ვირთხები” აცემინებენ, პირბადეებში იმალებიან, ან მათ პარაშუტების მაგივრად იყენებენ. ამით მხატვარმა ნიღბის სწორად მოხმარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. 

 

სომხეთ-აზერბაიჯანის გართულებული ურთიერთობა

მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გამოსვლები აზერბაიჯანის დედაქალაქში. ბაქოს ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის და სომხეთთან საზღვარზე დაღუპული სამხედროების ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად გამოვიდა. სამართალდამცველები შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ. არიან დაკავებულებიც. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტოს ცნობით, გასულ ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდი იყო. ოფიციალური ერევანი აზერბაიჯანს გრადის ტიპის სისტემის გამოყენებაში ადანაშაულებს. შეტაკებებს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარა აზერბაიჯანის უფლებებისა და ტერიტორიის ნებისმიერ ხელყოფას შეეწინააღმდეგება.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

999 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 870 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 244 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5640 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 13.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 7.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 581 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 59 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა