logo
ENG



ამბები, რომლებიც 16 აგვისტოს არ უნდა გამოტოვო

16 აგვ 202010:34
3 წუთის საკითხავი
 
kca9w8yh94d9kk4.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 16 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

ავარიას ფონიჭალაში 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში გვიან ღამით მოხდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა გახდა ავარიის მიზეზი. გარდაცვლილთა შორის 2 არასრულწლოვანია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილი ერთ-ერთ ქუჩაზე ქორწილისთვის შეკრებილ 7 ადამიანს დაეჯახა. ​

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

მერაბ დვალიშვილის მორიგი გამარჯვება

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, ქართველი სპორტსმენი ამერიკელ მებრძოლს, ჯონ დოდსონს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით მოიპოვა. 

დვალიშვილმა UFC-ში ჩატარებული პირველი ორი ბრძოლა ფრენკი საენზთან და რიკი საიმონთან, მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებების შედეგად დათმო, თუმცა შემდეგ ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა და დღესაც ფავორიტად მიიჩნეოდა.

ქართველი მებრძოლი ამ გამარჯვებით საერთო რეიტინგშიც დაწინაურდება. 

 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში გვიან ღამით იგრძნობოდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, 16 აგვისტოს, 02:31 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ტყიბული იყო, ხოლო ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

 

დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი გარდაიცვალა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დონალდ ტრამპის წერილი გამოქვეყნდა.

„რობერტი ჩემთვის არა მხოლოდ ძმა, არამედ საუკეთესო მეგობარიც იყო. ძალიან მოგვენატრება, მაგრამ კვლავ შევხვდებით. მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში,“ – წერია თეთრი სახლის ლიდერის განცხადებაში.

 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1336 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1088 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 249 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7597 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 21.6 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 14.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 769 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

 


close დახურვა