logo
ENG



ამბები, რომლებიც 16 სექტემბერს უნდა იცოდე

16 სექ 202009:06
3 წუთის საკითხავი
 
azvh10i59pfiyqs.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 16 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

ედისონ რისერჩის კვლევა

არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, ტელეკომპანია „ფორმულა” და ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია ედისონ რისერჩი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. გამოკითხულია 2850 ადამიანი და კითხვა იყო შემდეგი - საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას? 

შედეგები ასე ნაწილდება: 

  • ქართული ოცნება - 38% 

  • გადაუწყვეტელი - 23%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია - 15% 

  • ევროპული საქართველო - 6% 

  • გიორგი ვაშაძე- სტრატეგია აღმაშენებელი - 4% 

  • სხვა პარტიები ⋜ 3%

კვლევა 25 აგვისტოდან - 7 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა, შესაძლო ცდომილება +/–2%-ია 95%-იანი სანდოობის დონისათვის.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

2562 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1381 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 29.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 21.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 939 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

მკვლელობა ყაზბეგში

სისხლიანი დაპირისპირება სასაზღვრო გამშვებ პუნქტ - „დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს ერთერთმა მძღოლმა მეორეს ქვა ჩაარტყა და ადგილზე მოკლა. გარდაცვლილის მამამ კი შურისძიების მიზნით თავდამსხმელს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. საქმეზე დაკავებულია რუსეთის მოქალაქე. 

მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ინტერესების დამცველის თქმით, საქმე ნაფიც მსაჯულთა განხილვას დაექვემდებარება. გამოძიება საქმეზე 108-ე მუხლით დაიწყო.

 

ვოლსკის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე

მორიგი თავდასხმა ტელეკომპანია ფორმულასა და მთავარ არხზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სასესიო დარბაზიდან განაცხადა, რომ ამ არხებს ტელევიზიებად არ თვლის. ნინო ლ ომჯარიასთვის კრიტიკული მედიასაშუალებების მისამართით მსგავსი განცხადებების გაკეთება, მიუღებელია. განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური არხების მაუწყებლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის.

 

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

გიორგი შაქარაშილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების სასამართლი პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება. სხდომა 11 საათზე, ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება. გუშინდელ სასამართლოზე, მოწმეების რაოდენობიდან გამომდინარე, მათი დაკითხვა ვერ მოესწრო. პროცესზე მოწმეების სახით თავად ბრალდებულები იყვნენ წარმოდგენილები, რომელთა ნაწილმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

IDFI-ის კვლევა - ნეპოტიზმი და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვა 

IDFI-მ კვლევის მიხედვით დაადგინა, რომ 2015-დან 2019-მდე შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების მაჩვენებელი ქვეყანაში 125 მილიონითაა გაზრდილი. 2020 წლის საწყის 6 თვეში კი 125,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სამინისტროებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულების უმრავლესობას მინისტრის მრჩევლები წარმოადგენენ, მათი ანაზღაურება კი 2,800 ლარიდან 6,000 ლარამდე მერყეობს. IDFI საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თანამშრომელთა ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა გადახედოს.

 

ჰიპ-ჰოპის აუქციონი

ნიუ-იორკის მთავარი საერთაშორისო აუქციონის სახლი, სოზები ჰიპ-ჰოპის აუქციონს მასპინძლობს. აქ გამოტანილია ისეთი უნიკალური აქსესუარი, როგორიცაა ნოტორიუს ბიაიჯის გვირგვინი, რომელიც რეპერს ჟურნალის გარეკანზე გამოსახულ ლეგენდარულ ფოტოზე ახურავს. 

აუქციონზე გამოფენილია ასევე თუფაქ შაკურის 22 სასიყვარულო წერილი, რომლებსაც იგი 15-17 წლის ასაკში, საკუთარ შეყვარებულს უძღვნიდა. თითოეულ მათგანზე დატანილია რეპერის ხელმოწერა.

ეს და სხვა, ჯამში 120-მდე ექსპონატი, რომლებიც ცნობილი რეპერების ცხოვრებას უკავშირდება, ჰიპ-ჰოპის, როგორც მუსიკალური ჟანრის ისტორიას და მის კულტურულ გავლენას ეხაურება.


close დახურვა