ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 17 აგვისტოს უნდა იცოდეთ
სპეცრეისი თბილისიდან მინსკში
სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობენ, თბილისიდან ბელარუსის დედაქალაქისკენ გაემგზავრა, ერთ საათში კი უკან გამოფრინდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დანიშნულებით გაემგზავრა „ჯორჯიან ეარვეისი" მინსკისკენ ან ვინ იმყოფებოდა ხომალდზე.
რადარების მონაცემების თანახმად, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 აგვისტოს, 16:54 წუთზე აფრინდა და მინსკის სახელმწიფო აეროპორტში 19:11 წუთზე დაჯდა. ლაინერმა მინსკი 20:04 წუთზე დატოვა და 23:49 წუთზე თბილისში დაბრუნდა. ფორმულანიუსი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უწყებაში ზარებს არ უპასუხებს.
ვინ გაფრინდა მინსკში?
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი მინსკში იმყოფებოდა. როგორც ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, პრეზიდენტს ქვეყანა არ დაუტოვებია და ის თბილისში იმყოფება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უარყოფდნენ, რომ მინსკიდან თვითმფრინავი გამოფრინდა. როგორც საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ფორმულა ნიუსთან ღამით საუბრისას განაცხადა, მინსკის რეისი ჩანიშნული არ იყო. საინფორმაციო ცენტრში განმარტეს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ მიუნხენის რეისი იყო ჩანიშნული, რომელიც რეგულარულ ფრენას ახორციელებს.
ოცნების დეპუტატის მხარდაჭერა ლუკაშენკოს
გორის საკრებულოს წევრი ლუკაშენკოს სოლიდარობას უცხადებს. ქართული ოცნების წევრმა სოსო მუმლაძემ ამ შინაარსის პოსტი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით წაშალა. მუმლაძე მმართველი გუნდიდან ერთადერთია, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე აზრი დააფიქსირა. ამ დრომდე პოზიცია არ დაუფიქსირებია და განცხადება არ გაუვრცელებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით, ბელარუსის დედაქალაქის ქუჩებში გუშინ ასეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მათი პროტესტი გაყალბებულმა არჩევნებმა გამოიწვია. ისინი რეჟიმის დასრულებას, ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახი დღეს ირაკლი შოთაძეს შეხვდება. ასევე დღეს უნდა გახდეს ცნობილი ექსპერტიზის პასუხი. ბაჩალიაშვილის დედის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ საგამოძიებო პროცესი ხელოვნურად კიდევ უფრო გაჭიანურდება, ოჯახი რადიკალურ ზომებს მიმართვას.
ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ისინი მოითხოვენ ექსპერტიზის დასკვნების საზღვარგარეთ გადაგზავნას, გამოიძიებას კი მოუწოდებს, რომ საქმე მკვლელობის მუხლით განაგრძოს. დამოუკიდებელი ექსპერტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, გამოძიების მასალებისა და ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა შეუძლებელია.
ბაუჰაუს ბარის თანამშრომლებს მე-3 დღეა ეძებენ
დაკარგული 2 ახალგაზრდის ახლობლები და მეგობრები მთელი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ბარ ბაუჰაუსის დაკარგულმა თანამშრომლებმა შენობა 15 აგვისტოს დატოვეს და მას შემდეგ ახალგაზრდების კვალი დაიკარგა. გამომძიებლებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც ბარის ტერიტორიაზეა განთავსებული. კამერებმა ისინი ბოლოს ვერცხლისწყლის ქუჩაზე დააფიქსირეს.
სტიქია ლაგოდეხში
სტიქია ლაგოდეხში. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელში ხიდი, გზა და საცხოვრებლები დაზიანდა. მოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში ხიდი და ახლადდაგებული გზის ნაწილი დააზიანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდი სულ ერთი თვის წინ აშენდა, რისთვისაც მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს. დიდი რაოდენობით წყალი სანიაღვრე არხებმაც ვერ გაატარა და 20-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაეტბორა. ადგილობრივებს ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა ინვენტარი გაუნადგურდათ. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1336 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1088 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 249 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7597 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 21.8 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 14.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 773 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.