ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 18 აგვისტოს უნდა იცოდეთ
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს
ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა გენერალური პროკურატურა დატოვეს. ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე ისინი 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, საქმე შუალედური დასკვნის შემდეგ გადაკვალიფიცირდება.
ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განმარტებით, თვის ბოლოს უცხოელი სპეციალისტები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გაეცნობიან. ბაჩალიაშვილის საქმეზე ასევე გამოთხოვილია კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებიც, რომელის საშუალებითაც დადგინდება იყო თუ არა ავტომობილი შემთხვევის ადგილზე 5 დღის განმავლობაში. რამიშვილის თქმით, პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო საქმის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებითაც.
შაქარაშვილის საქმე
დღეს საღამოს გადაცემა „პოლიტმეტრი“ შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთ ფიგურანტზე მოგიყვებათ, რომელმაც 19 ივნისის ღამეს ერთ-ერთ ბრალდებულთან რამდენიმე ათეული ზარი განახორციელა. ჟურნალისტმა შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხულ ახალგაზრდას იმ შეკითხვებით მიაკითხა, რომლებიც გამომძიებელმა არ დასვა.
„სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა
ინფორმაციას „თბილისი ენერჯი” ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე მისულმა „თბილისი ენერჯის” ჯგუფებმა, ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს. „თბილისი ენერჯის” სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს. შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის” შენობაში მდებარე, ერთ-ერთ სამზარეულოში, ღია მდგომარეობაში დატოვებული იყო გაზქურის 8 სანთურა.
„ქართული ოცნების” „ზონდერები”
ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის ცოლის ძმამ, გიორგი არეშიძემ, რომელსაც სამეგრელოში, კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმას უკავშირებენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ სპორტსმენების მობილიზებას ცდილობს.
წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მიერ მკლავმჭიდელების მობილიზებას ოპოზიციურ პარტიებში ეხმაურებიან. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ „ოცნების“ მხრიდან სპორტსმენების გამოყენება ახალი არ არის, თუმცა ამჯერად, მათ ეს გამარჯვებას ვერ მოუტანს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის საზოგადოების დამოკიდებულება და სწორედ ამიტომ ამზადებს წინასაარჩევნოდ „ზონდერებს.“
ოპოზიციის შეხვედრა
დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე პარტიები თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის ბოლო ორ კანდიდატზე უნდა შეთანხდნენ. ოპოზიციის საკონსულტაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ე.წ. ხმების დაცვის მექანიზმის შემუშავება იქნება. მათი თქმით, როცა ოპოზიციური პარტიები ამ მექანიზმზე შეთანხმდებიან, ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხის დაყენებას ვეღარ შეძლებს.
დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას 36 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით გორში ეროვნული გმირის სახელობის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს და გაიხსენეს მისი ისტორია. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
მსოფლიო ლიდერების მხარდაჭერა ბელარუს ხალხს
ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინთან დღეს ტელეფონით საუბარს გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერისა და ლიეტუვის პრეზიდენტის სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან კანადისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კანადა ბელარუსში გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებს და ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების გამართვისაკენ მოუწოდებს. ჩეხეთში კი ამბობენ, რომ ევროკავშირმა ბელარუსში მოვლენების უკრაინული სცენარით განვითარება არ უნდა დაუშვას. მინსკში ვიზიტის სურვილი გამოთქვა ეუთოს თავმჯდომარემ და ბელარუსს ვიზიტის ორგანიზება სთხოვა.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1341 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1092 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 249 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7597 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 22 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 14.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 777 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 62 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.