logo
ENG



ამბები, რომლებიც 18 სექტემბერს არ უნდა გამოტოვო

18 სექ 202008:41
3 წუთის საკითხავი
 
p7f849fsv4jkg6k.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 18 სექტემბერს უნდა იცოდეთ


აქცია და დაკავება ისანში

ხმაური იყო გვიან ღამით ისანში, სადაც ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით გზა გადაკეტა, რის შემდეგაც დააკავეს ერთი ადამიანი.  ადგილობრივები, გამგეობის წარმომადგენელთან და თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მაცხოვრებლების განმარტებით, ისინი უკვე თვეებია ითხოვენ ფართების დაკანონებას, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ, დაპირებების გარდა არაფერი ესმით. ადგილობრივების განცხადებით, ისინი აქციებს იმ დრომდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.  


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

2937 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1422 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 30.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 22 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 950 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

რამაზ ხარაზიშვილის მიმართვა

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი, რომელიც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა 2 დღის წინ დაჭრა, საკუთარ Facebook გვერდზე მიმართვას ავრცელებს. მორაგბე მისი დაჭრის დროს მომხდარ დეტალებს იხსენებს. ხარაზიშვილი წერს, რომ როდესაც ის რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე მივიდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ ბესელიამ მას რამდენიმე პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა.

მას შემდეგ, რაც მორაგბემ მის შეკითხვებს პასუხი გასცა, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მასე ფეხში ორჯერ ესროლა. მორაგბის თქმით, ინციდენტამდე მათ შორის არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. რაც შეეხება ოპერაციას, როგორც ხარაზიშვილი წერს, ძვალი არ აქვს დაზიანებული და ქირურგიულმა ჩარევამ მარტივად ჩაიარა. 


აქცია საზღვრების გახსნის მოთხოვნით

საზღვრების გახსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კვირაში, შესაძლო ერთი ფრენის დანიშვნა საკმარისი არ არის ტურისტული სექტორისთვის. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბანკის ვალდებულებების გამო, რომელიც მალე გადასახდელი იქნება, შესაძლოა, კომპანიის გაყიდვაც მოუწიოთ. 

აქციას ესწრებოდა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკიც. მისი თქმით, მწვანე ზონაში არსებულ ქვეყნებთან საზღვრის გახსნასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, ვიზეარს ფრენის საშუალება მისცენ, რადგან ამ ავიაკომპანიის ქუთაისის აეროპორტში არსებობა მთლიან რეგიონზე დადებით გავლენას ახდენდა.

საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა ქუთაისშიც. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

 

ავარიას ვარკეთილში ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი ემსხვერპლა თბილისში, ვარკეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა, მეორე მგზავრი კი მაშინ, როცა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ.

.

როგორც თვითმხილველი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა, გადასასვლელზე კი ადამიანი გადადიოდა. მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ბორდიულზე შეჯახების შედეგად საბურავი დაუზიანდა. მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა და წინ მდგარ სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა.


მივლინებებზე დახარჯული 11 მილიონი ლარი

აპრილიდან ივნისამდე ჩაკეტილი საზღვრებისა და პანდემიის დროს, მთავრობამ მივლინებებზე 11 მილიონი ლარი დახარჯა. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო აქვეყნებს. 

ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 20.4 მილიონი ლარით გაიზარდა. ორგანიზაციის ანალიტიკოსის, ბესო ნამჩავაძის განმარტებით, პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ხარჯების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულებაც რჩება. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს. მათი თქმით, განახლებული გეგმის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ხარჯები ეკონომიურად გაწიოს და დაზოგილი თანხა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას და ბიზნესის საგადასახადო შეღავათებს მოახმაროს.


ნათია თურნავა პარლამენტში 

დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოუსმენენ. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა. შეხვედრიდან გამომდინარე, ბოიკოტის რეჟიმს არღვევენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ფრაქციების დეპუტატების განცხადებით, კითხვები პანდემიის პირობებში ეკონომიკურ კრიზისსა და მისი გადაჭრის გზებს შეეხება. 

კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და აცხადებს, რომ მინისტრთან შეხვედრაზე დასწრება ნათია თურნავასთვის ზედმეტი პატივი იქნება.

 

ელენე ხოშტარიას საარჩევნო პროგრამის წარდგენა

ვაკეში ევროპული საქართველოს კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება ძალოვან სტრუქტურებში გასატარებელ რეფორმებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა ფუნქციურადაა დასაშლელი.

ელენე ხოშტარიამ სასამართლო რეფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ისეთი ინსტიტუციური გარანტიები უნდა შეიქმნას, რომ პოლიტიკოსებს ე.წ. კლანური მმართველობის შექმნა აღარ შეეძლოთ.


close დახურვა