logo
ENG



ამბები, რომლებიც 19 აგვისტოს უნდა იცოდე

19 აგვ 202009:21
3 წუთის საკითხავი
 
hphnon3pp7q87wx.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 19 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნის ოჯახი შიმშილობს

მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთაში დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელიც „ტოიოტა ქემრის“ მგზავრების ადვოკატებმა დაგეგმეს. ექსპერიმენტის მიზანი ვითარების მაქსიმალური სიზუსტით გამეორება იყო. ადვოკატებს სულ 6 ექსპერიმენტის ჩატარება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა, როგორც საქმეში ბრალდებული ჩიქოვანისა და გაგნიძის ადვოკატები აცხადებენ, ხევის ეპიზოდის ჩატარება ცუდი ხილვადობის გამო ვერ შეძლეს. ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ექსპერიმენტი ფოტოგრაფის მიერ მიცემული ჩვენებების სიცრუეს დაადასტურებს.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ზ.ხ-მ და მისმა ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. როგორც ბრალდებულის მამა თამაზ ხომასურიძე ფორმულა ნიუსთან საუბრისას აცხადებს, ის და მისი ოჯახი შიმშილობას პროკურატურის წინ იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ხომასურიძე აცხადებს, რომ შიმშილობას შეუერთდება ყველა იმ ბრალდებულის მშობელიც, რომლებიც „ტოიოტა ქემრის“ მარკის ავტომობილში ისხდნენ. 

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალებიც იკვეთება. ერთ-ერთი ბრალდებულის ვახტანგ ჩიქოვანის სატელეფონო ამონაწერებში შაქარაშვილის გაუჩინარებიდან 1 საათში, ედუარდ ხაჟალიასთან 47 ზარი ფიქსირდება. ხაჟალია გამოკითხვის ოქმში ზარების შესახებ ინფორმაციას უარყოფს, ამავე ოქმში კი ის თავადვე ადასტურებს, რომ აღნიშნული ნომრით მხოლოდ ის სარგებლობს. სატელეფონო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ სატელეფონო ამონაწერებში ედუარდ ხაჟალიას ნომერი სხვა დროს არ ფიქსირდება. საგამოძიებო უწყება ამ სატელეფონო ჩანაწერებით დეტალურად ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

 

შსს-ში ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოკითხეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახის წევრებზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა ხდებოდა და გამოძიებას ეს ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვაზე საუბარი ასევე იმ მანქანის შესახებაც იყო, რომლიდანაც ამოუცნობი პირები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ფოტოებს უღებდნენ. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

 

სარალიძის საქმე: კალანდიას ადვოკატი დაკითხვაზეა დაბარებული

დავით სარალიძის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა დაკითხვაზეა დაბარებული. საქმე ადვოკატის მიერ კალანდიას საქმეზე შეტანილი საჩივრების იგნორირებას ეხება. თოდუას განმარტებით, საჩივრებში საუბარი მის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და 6 მოწმის მიმართ დევნის დაწყების მოთხოვნაზეა. მისივე თქმით, მოწმეებს მძიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ქონდათ, თუმცა ისინი ამ დრომდე არ დაკითხულან. ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. თოდუას თქმით, ის ჩვენებას მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს იმ შემთხვევაში მისცემს, თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები დარღვეული არ იქნება.

 

სპეცრეისები ბერლინსა და პარიზში

ბერლინის და პარიზის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნებართვა Georgian Airways-ს 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის ჩარტერულ რეისებზე გასცა. Georgian Airways ევროპის რამდენიმე მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებს, რომლის განრიგსაც თვის დასაწყისში აქვეყნებს. 

ავიაციის სააგენტოს ცნობით კი, საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა ისევ გახანგრძლივდა და რეგულარული ფრენები პირველ სექტემბერსაც არ აღდგება. შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი; პარიზი და რიგა.

 

ოპოზიციის შეთანხმება

ოპოზიცური პარტიები კიდევ 2 საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ. დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობისთვის ზურაბ ჯაფარიძე, საბურთალოზე კი ირაკლი ოქრუაშვილი იბრძოლებს.

კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებაში - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს. ხელისუფლების ოპონენტები მათ მიერ ხმების დაცვისთვის შემუშავებულ დეკლარაციას მნიშვნელოვან შეთანხმებად მოიაზრებენ. მათივე განცხადებით, ამ დეკლარაციით ყველა ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული.

 

ვითარება ბელარუსში

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სპორტსმენები, მათი მწვრთნელები, სპორტული ჟურნალისტები და ფოტოგრაფები შეუერთდნენ. ღია წერილში ისინი 9 აგვისტოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს იურისტებმაც. ორასამდე ადვოკატმა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და განმეორებითი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. მიმდინარე მოვლენები ფონზე შვედეთმა ბელარუსს სამი მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გაუყინა. ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ დისკუსია უნდა გამართულიყო გაეროშიც, თუმცა ესტონეთისა და შეერთებული შტატების ინიციატივა რუსეთმა დაიწუნა. რუსეთის წარმომადგენელის თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხია და უშიშროების საბჭოზე განსახილველი არაფერია.

 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1351 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1092 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 302 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7235 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 22.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 15 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 784 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 62 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა