logo
ENG



ამბები, რომლებიც 21 აგვისტოს არ უნდა გამოტოვო

21 აგვ 202009:24
3 წუთის საკითხავი
 
h2yaz5zk8jk92p5.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 21 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

შაქარაშვილის საქმე - სასამართლო პროცესი მცხეთაში და აქამდე უცნობი დეტალები

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეში ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო დღეს საქმის განხილვის ახალ ეტაპზე გადავა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენა დაიწყება. უფლებადამცველებისთვის ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად ვისი და რამდენი პირის გამოკითხვა მოხდება პროცესზე. 

საქმის აქამდე უცნობ დეტალებს კი დღეს საღამოს, 21:00 საათზე ვახო სანაიას პოლიტმეტრში გაეცნობით. გადაცემის ავტორებმა საქმის მასალებიდან გაარკვიეს ის, რისთვისაც ამ დრომდე ყურადღება არავის მიუქცევია და შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

 

ბაჩალიაშვილის საქმე - საეჭვო გარემოებები მარნეულის გზაზე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერებში მარნეულის გზაზე საეჭვო გარემოებები იკვეთება. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადეს. უწყებაში თითქმის 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ვიდეოჩანაწერების გამოკვლევა და შუალედური ექსპერტიზის გაცნობა. ასევე კიდევ ერთხელ დაიკითხა გარდაცვლილის დედა. ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განმარტებით, მისი შვილი უცნობ პიროვნებას სწორედ იმ ადგილას შეხვდა, სადაც ვიდეო კამერები არ იყო. 

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, ვიდეო ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი შეხვედრაზე მიდიოდა. მისი განმარტებით, არსებობს კიდევ სხვა საეჭვო გარემოებები, რომელიც გამოძიებასაც არ შეუმჩნევია. შუალედურ დასკვნაში საუბარია მედიკამენტებზე, თუმცა საბოლოო დასკვნა გასცემს პასუხს შეკითხვას თუ რისთვის იყო ეს მედიკამენტები. საგამოძიებო ექპერიმენტი, რომელსაც პროკურატურა მთელი ღამის განმავლობაში ატარებდა დღეს დასრულდება. სპეციალური სამუშაოს ჯგუფის წევრები გარდაცვლილის ოჯახს შეხვდნენ. შეხვედრაზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპისთვის მოპოვებული საქმის მასალები და მიღებული ექსპერტიზის შედეგები გააცნეს.

 

3-დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში 31 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების სამსაურის თანამშრომლებმა გარდაცვლილი მტკვარში ღამე აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განცხადება 18 აგვისტოს შევიდა, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები დაიწყო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსსის 142-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს უჩივლა

სამინისტრომ კლინიკას სასამართლოში იმ ხარვეზის გამო უჩივლეს, რაზეც ცენტრის ხელმძღვანელობა უწყებას წლების განმავლობაში მიმართავდა. ინფექციურში „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობის შესახებ საუბრობენ. სწორედ ამ მიზეზით კლინიკამ კოვიდინფიცირებულთა და შიდსით დაავადებული პაციენტების სტაციონარული მკურნალობაც შეწყვიტა.

 

ავარია რუსთავში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. მეგობრობის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი 30 წლამდე ქალს დაეჯახა, რომელიც 2 წლის ბავშვთან ერთად ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. მანქანის შეჯახებამდე ქალმა ბავშვს ხელი კრა და ავარიას აარიდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმის თქმით, ქალი შემოსვლისთანავე კომაში იყო და ამ დროისათვის ის მართვით სუნთქვაზეა. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ექიმები დამატებითი გამოკვლევის პასუხებს ელოდებიან.

 

ლეიბორისტების აქცია

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ლეიბორისტულ პარტიაში აპროტესტებენ. პარტიის წევრები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან დღეს აქციას გამართავენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი მამუკა ჯუღელი ამბობს, კომისიის გადაწყვეტილება ტელევიზიებში ცენზურის დაწესებასა და ოპოზიციური არხების გაკონტროლების მცდელობას უკავშირდება. მისი თქმით, ეს ყველაფერი მედია თავისუფლებისთვის სახიფათო და დამაზიანებელი შეიძლება გახდეს. მამუკა ჯუღელი არ გამორიცხავს, რომ აქცია-პერფორმანსებმა პერმანენტული სახე მიიღოს.

 

ნავალნი ბერლინის კლინიკაში გადაჰყავთ

ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავი რუსეთში დღეს ჩაფრინდება. მოწამლულ რუს ოპოზიციონერს სამკურნალოდ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ. ნავალნისთვის თვითმფრინავს ფონდი „კინო მშვიდობისთვის“ გზავნის. სწორედ ამავე ფონდის ორგანიზებით, 2018 წელს გერმანიაში ჩაიყვანეს „ფუსი რაიოთის“ აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი, რომელიც მოწამლული იყო. 

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები რუსეთის რამდენიმე ქალაქში დაკავებებით დასრულდა. სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და რუსი ოპოზიციონერის მოწამვლა ერთხმად დაგმეს. შეკრებილები ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებენ და მომხდარის უკან მის კვალს ხედავენ. 

 

ვითარება ბელარუსში

ბელარუსის რამდენიმე ქალაქში 9 აგვისტოს არჩევნები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მინსკში აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და ლუკაშენკოს რეჟიმი კვლავ დაგმეს. ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. მაიკ პომპეომ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმო და საერთაშორისო ძალისხმევას, საარჩევნო დარღვევების გამოძიებას მხარი დაუჭირა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კი განმარტა, რომ ბელარუსზე საერთაშორისო ზეწოლა განმეორებით გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე შედეგს გამოიღებს. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1370 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1108 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6903 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 22.8 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 15.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 797 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.



close დახურვა