ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 21 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვები გრძელდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გუშინ 3 ახალგაზრდა გამოკითხეს. მათ სორის 6 საათს კითხავდნენ არასრულწლოვანს, რომელმაც საგამოძიებო უწყება ადვოკატთან ერთად კომენტარის გარეშე დატოვა. როგორც ცნობილია გამოკითხული ანა გაბეჩავას სკოლელია. მედიის კითხვებს არ უპასუხეს არც ვანო თეგაძემ და მეორე გამოკითხულმა არასრულწლოვანმა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის თარიღის 1 თვით გაგრძელება მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნასთან დაკავშირებით ოჯახს პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, კანონმდებლობიდან გამომდინარე მათი პროცესი 40 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. ადვოკატებისთვის საეჭვოა ექსპერტიზის დასკვნაც გვამურ გაშეშებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე კი თემაზე მედიის კითხვებს არ პასუხობს.
მიხეილ კალანდიას საქმე
დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოიტანს. სხდომა სააპელაციო სასამართლოში 11 საათზეა ჩანიშნული. კალანდიას ადვოკატ ზურაბ თოდუას განმარტებით, თუ მოსამართლე ბრალდების პოზიციას დააკმაყოფილებს, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ სასამართლოს მხოლოდ ფორმალური სახე აქვს. კანონით განსაზღვრულ ფარგლებში კი, დაცვის მხარე ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.
გიორგი მარგველაშვილის სიძეს პატიმრობა შეეფარდა
მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ შეუფარდა. საქმე 19 ივნისს სასტუმრო პარაგრაფში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება, რომელშიც გოგოჭურიც მონაწილეობდა.
20 ივლ 202022:50 მარგველაშვილის სიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გოგოჭურს ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. ის ბრალს არ აღიარებს. გამოძიება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის სიძეს ძალადობას, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიციამ მინდია გოგოჭური კანონდარღვევის გამო დააკავა.
ფოთში სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებენ
სოფელ ჭალადიდის მკვიდრი, 23 წლის თამაზ გრატიაშვილი სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, იგი ფოთის პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ძალის გამოყენებით წინასწარი დაკავების იზოლატორში, სრულიად უმიზეზოდ გადაიყვანა. როგორც გრატიაშვილი ამბობს, მასზე შანტაჟი და მუქარა დღემდე ხორციელდება. იგი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას და სამართალდამცავების დასჯას ითხოვს.
აშშ-ის სანქციები კადიროვს და პასუხი რუსეთიდან
შეერთებული შტატების მიერ რამზან კადიროვისთვის სანქციების დაწესებას მოსკოვში გამოეხმაურნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა საპასუხო ზომებს მიმართავს. „ძნელი იქნება სარკისებური ზომებით ვუპასუხოთ, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ,” - წერს მარია ზახაროვა საკუთარ „ფეისბუკის'' გვერდზე.
თავად ჩეჩნეთის ლიდერმა კი სოციალურ ქსელში ფოტო გამოუქვეყნა, სადაც მას ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და პირადად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მიმართა. „პომპეო, ჩვენ ვიღებთ ბრძოლას. შემდგომში უფრო საინტერესო იქნება," - წერს რამზან კადიროვი. ვაშინგტონმა სანქციები ჩეჩნეთის ლიდერს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის დაუწესა.
კანიე ვესტს ვიცე-პრეზიდენტად Jay-Z სურს
ამერიკელ რეპერ კანიე ვესტს, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს, ვიცე-პრეზიდენტად Jay-Z-ის ხილვა სურს. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
თავდაპირველად, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კანიე ვესტი ვიცე-პრეზიდენტად მიშელ ტიდბოლის დანიშვნას აპირებდა, თუმცა ესეც გადაიფიქრა.
შეგახსენებთ, კანიე ვესტი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად 16 ივლისს დარეგისტრირდა, თავის პარტიას კი Happy Birthday Party დაარქვა.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1039 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 900 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 267 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5534 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 14.8 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 8.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 613 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 63 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.